თბილისის ბიუჯეტი

ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის მერიას მეტი პასუხისმგებლობა მართებს

economy.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის მერიას მიმართავს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ გადაწყვეტილებებს. უწყების განცხადებით, ანძის გარეგანათების რამდენიმესაათიანმა გათიშვამ ფრენებს საფრთხე შეუქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა არის შპს საქართველოს ტელერადიოცენტრის ბალანსზე, რომელიც პასუხისმგებელია მის სწორად ექსპლოატაციაზე. სამინისტროს ინფორმაციით, მერიის ოფიციალური განცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცა 18:08 საათზე, თბილისის სატელევიზიო ანძის გარეგანათება კი, შესაბამისმა პირებმა დაახლოებით 16:30 საათზე გათიშეს. უწყების განმარტებით, ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული საქართველოს ტელერადიოცენტრი.

"როგორც წესი, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე შპს საქართველოს ტელერადიოცენტრი მინიმუმ ერთი დღით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, გამომდინარე იქედან, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია საფრთხის შემცველი გამხდარიყო სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო ანძის გარე განათებას, გარდა იმისა, რომ გამოიყენება ქალაქის იერსახის წარმოჩენისთვის, პირდაპირი კავშირი აქვს საავიაციო უსაფრთხოებასთან. კერძოდ, შუქურის გათიშვამ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, საფრთხე შეუქმნა უსაფრთხო ფრენებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი ავიამეთვალყურეები უსაფრთხოების დაცვის მაღალ პარამეტრებზე იყვნენ გადასულები. საჰაერო ხომალდებს თბილისის თავზე ფრენის უფლება მიეცათ მხოლოდ სიმაღლისა და მარშრუტის შეცვლით. აღნიშნული კი, მართალია ფრენის უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი იყო, თუმცა გაიზარდა საჰაერო ხომალდების ფრენის ხანგრძლივობა და ხომალდებს დასაშვებ ნორმაზე მეტი ვერტიკალური სისწრაფით მოუხდათ დაშვება, რასაც შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა მგზავრების კომფორტულ გადაადგილებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრებისა და მათი პირადი ინტერესებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ანძაზე სანავიგაციო შუქურა არ ენთო. როგორც მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ აღნიშნა, ანძის გარე განათების გათვალისწინებით, სანავიგაციო შუქურის აუცილებლობა არ არსებობდა და არ ენთო, თუმცა ის მუშა მდგომარეობაში იყო.

“სანავიგაციო შუქურა ხელს უშლიდა პანორამას, შესაბამისად, ტელერადიო ცენტრთან შეთანხმებით, ის იყო გამორთული. თუმცა თანამშრომლები მის მდგომარეობას პერმანენტულად ამოწმებდნენ, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში შუქურა სათადარიგოდ ანთებულიყო”, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. მისივე თქმით, ანძის გარეგანათება იმდენად კარგია, რომ ის ფრენების უსაფრთხოებისთვის საკმარისია და შუქურა, რომელიც მსგავსი ტიპის სიმაღლის ობიექტზე უნდა არსებობდეს, სათადარიგოდ გამოიყენებოდა.

თბილისის ტელეანძაზე გარეგანათების გათიშვის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ტელეანძაზე განათება ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაითიშებოდა. განათების გათიშვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თბილისის მერია საბოტაჟში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით".

თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარეგანათება გათიშვიდან რამდენიმე საათში ჩართო და განცხადება გაავრცელა.

"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია", - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საკრებულოს პრესსამსახურის მტკიცებით კი, თბილისის საკრებულოს მოადგილემ ირაკლი შიხიაშვილმა აიძულა მერია, რომ ტელეანძა გაენათებინა. ამასთან, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის მთავრობის დაშლა მოითხოვა.

კომენტარები