საერთაშორისო გამოხმაურება

ენმ: ხელისუფლება საერთაშორისო შეფასებებზე მცდარ ცნობებს ავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მმართველი კოალიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ საერთაშორისო შეფასებებთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ თანამომხსენებლების ბოლო ვიზიტის დროს, ქართული ოცნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თანამომხსენებლებს აღარ აქვთ არავითარი კითხვები არც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დევნისა და მისი კრიმინალი პროკურორის ოთარ ფარცხალაძს მხრიდან დაშანტაჟების და არც თბილისის პირდაპირი გზით არჩეული მერის გიგი უგულავას ღამის პირველ საათზე სასამართლო მოსმენის გარეშე გადაყენების გამო. დასკვნით პრესკონფერენციაზე ორივე თანამომხსენებელმა - მიქაელ აასტრუპ იენსენმა (დანია) და ბორის სილევიჩმა (ლატვია) დააფიქსირეს საკუთარი შეშფოთება როგორც მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის საქმის არგამოძიების, ასევე გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ გასულ კვირას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა ევროპის კავშირის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობათა კონფერენციის თანათავმჯდომარემ რამონ ლუის სისომ.

"წერილში გამოთქმულია შეშფოთება გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო "გარემოებებში, რომელთაც წარმოშვეს კითხვები როგორც საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობაში". წერილში პრეზიდენტი სისო მოითხოვს განმარტებებს პრემიერმინისტრისგან აღნიშნულ საკითხზე, რომელიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს საქართველოს სვლაზე ევროკავშირისკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანია და საკუთარი ძალისხმევა მოახმაროს საარჩევნო დაპირებათა შესრულებასა და ყოველდღიურად გაუარესებადი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას, უმუშევრობასთან ბრძოლასა და უპრეცედენტო საბიუჯეტო გარღვევის შემცირებას", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა 15 იანვარს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასეს. მაიკლ იანსენის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე და ვიდეოჩანაწერის წაშლასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღება რთული აღმოჩნდა. მისივე თქმით, სასამართლოს პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უფლებამოსილება ასე მარტივად არ უნდა შეეჩერებინა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე მაღალჩინოსნების გახმაურებული დაკავებებით არ დაინტერესებულან. როგორც მან ევროსაბჭოს თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბორის სილევიჩს და მაიკლ იენსენს არცერთი კითხვა არ დაუსვამთ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე. 

საქართველოს პრემიერის შეფასებით კი, ევროსაბჭოს დელეგაციას უჭირს წარმოდგენა, რომ "საქართველოში ასეთი რამ ხდება". როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ბუნებრივია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს კითხვები აქვთ, რადგან ისინი არ არიან მიჩვეულები, რომ მათი დედაქალაქის მერი 50 მლნ-ის გაფლანგვაში იყოს ბრალდებული. მისივე თქმით, ევროსაბჭოს დელეგაციას ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა და მმართველი გუნდი მზად არის, ბორის სილევიჩს და მაიკლ იანსენს ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი.

კომენტარები