თბილისის მერის არჩევნები

უმრავლესობა მერის არჩევნებისთვის ბარიერის 40%-მდე გაზრდას ემხრობა

საპარლამენტო უმრავლესობა თბილისის მერის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 30%-დან 40%-მდე გაზრდას უჭერს მხარს. ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ, განუცხადა ჟურნალისტებს. 

"კარგია, რომ საერთოდ მერების და გამგებლების არჩევნები ტარდება. ეს არის საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის მომავალში. პირველი, მაგრამ საკმაოდ მძლავრი ნაბიჯი იქნება, თუ ეს ბარიერი 40% იქნება და არა - 30%, როგორც აქამდე იყო. 40%-მდე ზრდასთან დაკავშირებით ფრაქციის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება იყო გამოხატული, თუმცა ჩვენ კიდევ განვიხილავთ ამ თემას", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ დოლიძეც ემხრომა ამ ინიციატივას.

 "მე ძალიან კარგად მახსოვს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს იქეთ ვთავაზობდით "ნაციონალურ მოძრაობას" ბარიერის გაზრდას, თუმცა მათ არ ქნეს და გასაგებია, რატომაც. ის, რომ ბარიერი უნდა გაიზარდოს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით გაიზრდება თვითმმართველობის ორგანოების ლეგიტიმაცია, დანარჩენი მოლაპარაკების საგანია - დოგმა არ არის, რომ იყოს მაინცდამაინც 40 პროცენტი", - აცხადებს დოლიძე. 

ინიციატივა მისაღებია ზაქარია ქუცნაშვილისთვისაც, მისი თქმით ის არც 50% ბარიერი დაწესებაში ხედავს პრობლემას. 

"ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია, თუმცა მე პირადად 50 პროცენტიან ბარიერს ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა, 40 პროცენტი 30 პროცენტზე მაღალია, მაგრამ მე ვერც 50 პროცენტიან ბარიერში ვხედავ ტრაგედიას",- განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას. 

კომენტარები