თბოელექტროსადგურის მშენებლობა

2012 წლის შემდეგ შეჩერებული თბოელექტროსადგურის მშენებლობა განახლდა

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. "ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით განხორციელდება ეს პროექტი" - მიმართა ღარიბაშვილმა ინვესტორებს. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, "დღევანდელი ღონისძიება არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკა განაგრძობს განვითარებას და სექტორის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის". 

თბოელექტროსადგურს უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ აშენებს. 

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმება ÇALIK ENERJİ-სთან 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში შედგა. თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს საპარტნიორო ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი ნიკა გილაური და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მართავდნენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა მათი მმართველობის დროს მიღწეული წარმატება მიიწერა. „ამ სადგურის მშენებლობა (ისევე როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის) შეაჩერა ამ მთავრობამ. ხეთაგურის ხელშეკრულების პირობები უკეთესი იყო, ვიდრე კალაძის (პროექტის ღირებულება 199 მილიონი, ნაცვლად 213 მილიონისა; პირველი ხელშეკრულებით ჩელიქი მხოლოდ აშენებდა, მეორე ხელშეკრულებით მოწილე გახდა). ანუ, დავკარგეთ 1.5 წელი, დაახლოებით 15 მილიონი და მომავალი მოგების წილი“, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

გარდაბნის თბოელექტროსადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კვტ/სთ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონი აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით: „ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად“.
კომპანია ÇALIK Holding-ის ხელმძღვანელმა აჰმედ ჩალიკმა კი აღნიშნა, რომ „გარდაბნის თბოელექტროსადგური მოემსახურება საქართველოს განვითარებას და განამტკიცებს მის ენერგოდამოუკიდებლობას“.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, გენერაციის ახალი წყაროების შექმნის თვალსაზრისით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინსვლაა: „თბილისიდან 40 კმ მანძილზე განთავსებული თბოელექტროსადგური 3 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. იგი იმუშავებს ბუნებრივ აირზე და აღიჭურვება კომბინირებული ციკლის უახლესი ტექნოლოგიებით. გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს“, -აღნიშნა კოვზანაძემ. 

თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

კომენტარები