ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ბარამიძე: პრემიერმინისტრმა ინფანტილური დამოკიდებულება გამოამჟღავნა

timer.ge

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილს ოპოზიციის მიმართ ინფანტილური დამოკიდებულება აქვს. ბარამიძის თქმით, პრემიერმინისტრის პრესკონფერენცია იყო გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც ეფუძნება დიდ ტყუილს ხალხთან და ოპონენტებთან მიმართებით და რომლის მიზანია ოპონენტების დისკრედიტაცია და საბოლოო განადგურება.

"აღარაფერს ვიტყვი იმ ინფანტილურ დამოკიდებულებაზე, რომელიც პრემიერმინისტრმა გამოამჟღავნა, თითქოს მან არ იცის, ვინ არის მისი მთავრობის ოპოზიცია. ეს მიუთითებს მის არასერიოზულობას და ინფანტილიზმს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ განვითარებულ დემოკრატიებში მთავრობას უყვარს მისი ოპოზიცია, მაგრამ, ვფიქრობ, იმდენი ტვინი ყველას ყოფნის, რომ თავისი ოპონენტის მიმართ მოიქცეს სერიოზულად", - თქვა ბარამიძემ.

ბარამიძემ განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის მთავრობისთვის მიწერილ წერილზეც გააკეთა. მისი განმარტებით, ეს წერილი არ ყოფილა არავისგან დამალული და მთავრობის მიერ ამ ფაქტის წარმოჩენა, თითქოს ეს წერილი მათ აღმოაჩინეს, არის იაფფასიანი მცდელობა.

"მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად მისწერა საფრანგეთის მთავრობას იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილის დაპატიმრება არის ნაწილი იმ კამპანიისა, რომელსაც მთავრობა გაცხადებულად ახორციელებს თავისი ოპონენტების მიმართ. არავისთვის არ არის დამალული, რომ კეზერაშვილი არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი და ერთ-ერთი კონტრიბუტორი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით", - აღნიშნა ბარამიძემ.

 

კომენტარები