ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: ეს იყო პროვოკაცია. მერაბიშვილთან დაკავშირებით, კითხვები არ მაქვს

საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტაბულამ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა: ”თქვენ თქვით, რომ არ იცით, რა კითხვები არსებობს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. მე გეტყვით, ეს ეხება ვიდეოჩანაწერების თემას. მხოლოდ 1 თვის შემდეგ გვითხრა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, რომ 24 საათში ნადგურდება ჩანაწერები. მაშინ, როდესაც მანამდე ბატონმა სუბარმა, მათ შორის ჩვენს ტელეკომპანიას, უთხრა, რომ ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება. ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ პროცედურები უნდა იქნას დაცული მათ ამოსაღებად. დღეს აღმოჩნდა, რომ როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ, ეს ფირები უკვე აღარ არსებობდა. ეს არის ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც არის არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოების წევრები, მათ შორის, თქვენი მომხრეები, ამის შესახებ საუბრობენ. როცა არსებობს ეჭვები, რატომ არ იწყება გამოძიება. ხომ არ არის ეჭვის საფუძველი, რომ ოთარ ფარცხალაძე არ მოქმედებდა დამოუკიდებლად და პოლიტიკური კვალი არსებობს, რომელსაც უფრო მაღლა მივყავართ?”

ჟურნალისტის კითხვას პრემიერმა უპასუხა - ”მე გავაკეთე კომენტარები და აღარ მსურს, იგივეზე ვისაუბრო. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, მე გიპასუხებთ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია. მერაბიშვილთან ადვოკატი შესული იყო შაბათს. მას შეეძლო ამის თაობაზე ეთქვა. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს ეჭვებს, რომ, შესაძლოა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად #7 დაწესებულებაში ვიდეოჩანაწერების გაკეთება ხორციელდება 24 საათის განმავლობაში. ასე რომ, მე კითხვები არ მაქვს, თქვენ თუ გაქვთ, შეგიძლიათ, ეს კითხვები გქონდეთ სამუდამოდ”.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის თქმით, მასთან ადვოკატი არ ყოფილა. ”კითხვები იმსახურებს თუ არა პასუხის გაცემას, რაც საზოგადოებაში არსებობს და რატომ არ იწყება გამოძიება?” ღარიბაშვილმა უპასუხა - ”იმსახურებს. ამ კითხვებთან დაკავშირებით გენინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და შედეგები გახადა ცნობილი. თქვენ შეიძლება, გამოძიების შემდეგაც გქონოდათ ეს შეკითხვები. მიზეზი არასდროს დაგელევათ”.

 

 

კომენტარები