ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ბორის სილევიჩი და მაიკლ იენსენი უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ბორის სილევიჩმა და მაიკლ იენსენმა დეპუტატებთან შეხვედრისას ისაუბრეს, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია იყო.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს 2007 წელს მიღებული აქვს კანონი. თუმცა, მის აღსრულებას წინა ხელისუფლება არაეფექტურად ახორციელებდა. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს აინტერესებთ, რას ვაპირებთ, როგორ და რა პროცედურებით, იმისთვის, რომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე აღებული ვალდებულება შესრულდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

უმრავლესობასთან შეხვედრისას კითხვები დაისვა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო სისტემის რეფორმას. თინა ხიდაშელის თქმით, ბორის სილევიჩს და მაიკლ იენსენს არცერთი კითხვა არ დაუსვამთ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით კი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები კარგად იცნობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მას დადებითად აფასებენ. 

"საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. მათ კარგად იციან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, პროცესებს აფასებენ პოზიტიურად, რაც ხელისუფლების წარმატებაზე მიუთითებს", - აღნიშნა საგანელიძემ.

ბორის სილევიჩი და მაიკლ იენსენი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და სახალხო დამცველს. 

კომენტარები