ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები არასამთავრობოებს შეხვდნენ

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის უფლებაშეწყვეტილი მერის გიგი უგულავას საქმით დაინტერესდნენ. მათ თბილისში დღეს პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართეს. განხილვის ერთერთი ძირითადი თემა თვითმართველობის რეფორმა და წინასაარჩევნო გარემო იყო. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე დაინტერესდნენ, როგორია მედიაგარემო წინასაარჩევნოდ და როგორ ვითარდება პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში. საუბრის თემა იყო სასამართლო რეფორმაც.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად კარგად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ვისაუბრეთ ასევე სასამართლოს რეფორმაზე, იმ პოზიტიურ მხარეზე, რაც თან სდევს სასამართლო რეფორმას, მაგრამ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ აუცილებელია, ეს რეფორმა გაგრძელდეს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მე გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედება გადაიდო. ეს არის ძალიან პრობლემატური საკითხი, რომელზეც თავად დელეგაციაც საუბრობდა წინა ანგარიშებში" - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის გიორგი ტუღუშის თქმით კი, შეხვედრის ერთერთი თემა იყო ქალაქის მერის და მერიის გარშემო განვითარებული მოვლენები.

"უშუალოდ, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თემა და სასამართლო პროცესი, რასაც ძალიან დიდი დრო დაეთმო. მათ ასევე აინტერესებდათ პროკურატურასთან დაკავშირებული მოვლენები. რამდენიმე საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, ასევე მთავარ პროკურორთან დაკავშირებული საკითხები. მათ ასევე დასვეს შეკითხვები მერაბიშვილის საქმის გარშემო, განსაკუთრებით, რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომელიც მან გააჟღერა ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით" - აღნიშნა ტუღუშმა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან და შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს, გაესაუბრებიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს და შეხვდებიან თვითმმართველობის ასოციაციის თავმჯდომარეს.

კომენტარები