თავშესაფარი მიუსაფართათვის

ომბუდსმენის აპარატი თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის შემოწმებას იწყებს

ombudsman.ge

დღეიდან, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის შემოწმებას იწყებენ. ამის მიზეზი რეგიონებში მსგავს საცხოვრისებში შექმნილი მძიმე პირობები გახდა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილ თავშესაფრებში ანტისანიტარიაა და ხშირად ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების ნივთებიც არ აქვთ. 

სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია კაციტაძის თქმით, ომბუდსმენის აპარატში თავშესაფარში მცხოვრები ადამიანების მხრიდან  საჩივრები შევიდა. მისი განმარტებით, საჩივრებში საუბარი იყო კარვებში არსებულ რთულ პირობებზე.

"გადავწყვიტეთ ადგილზე შეგვესწავლა ვითარება. ჩვენი ჯგუფები უკვე იყვნენ რაიონებში, ახლა ვაპირებთ თბილისში არსებული თავშესაფრის შემოწმებასაც და შემდეგ, გავცემთ შესაბამის რეკომენდაციას", - ამბობს კაციტაძე.

ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე, მიუსაფართა თავშესაფრებში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მოსკოვის გამზირზე მოწყობილი თავშესაფრიდან კი, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საავადმყოფოში რვა ადამიანია გადაიყვანეს. თავშესაფარში ისევ იმყოფება 180-მდე ბენეფიციარი.

ამასთან, 10 იანვარს სახალხო დამცველმა ქუთაისში მიუსაფართა თავშესაფარში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. უჩა ნანუაშვილის ცნობით, 2014 წლის 9 იანვარს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქუთაისში მიუსაფართათვის სპეციალურად გახსნილ თავშესაფარში. ამ დროისათვის თავშესაფარში განთავსებულია 4 ბენეფიციარი. მიუსაფართათვის გაშლილია 2 კარავი.

სახალხო დამცველი ბენეფიციარებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანმა თავშესაფარი გაუსაძლისი პირობების გამო უკვე დატოვა.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ თავშესაფრის დათვალიერებისას გაირკვა, რომ კარვებში განთავსებულ ბენეფიციარებს უწევთ ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა, არ არიან უზრუნველყოფილნი პირველადი მოხმარების საგნებით (კოვზი, ჩანგალი, თეფში), წვიმის დროს ჩამოდის წყალი. როგორც ცნობილია, თავშესაფრის მოწყობა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოხდა, შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს ქუთაისის მერიას, თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურადღება გამოიჩინოს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. დროებითი თავშესაფრები (კარვები) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა.

კომენტარები