კოორდინაცია მთავრობაში

ჯაფარიძე: პრემიერმა გააცნობიერა მთავრობაში კოორდინაციის ნაკლებობა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა და ეს ორი მიზეზით არის გამოწვეული. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ჯაფარიძემ განაცხადა, პირველი მიზეზი ის არის, რომ მმართველი გუნდი უკიდურესად ეკლექტურია და მის წევრებს რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. ჯაფარიძის აზრით, მეორე მიზეზი არის კოორდინაციის პრობლემა - როგორც მთავრობის შიგნით, ისე მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.  

"მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა უსაყვედურა მთავრობის წევრებს, რომ მათ შორის არ არსებობს კოორდინაცია და ვისაც არ ეზარება, ყველა გამოდის ახალი საკანომდებლო ინიციატივით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოორდინაციის ნაკლებობაა არა მხოლოდ მთავრობის შიგნით, არამედ, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ  პრემიერმა გააცნობიერა კოორდინაციის ნაკლებობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა გაექცევა პასუხისმგებლობას. შარშან ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკაში, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარი, დავკარგეთ ბიუჯეტში დაახლოებით ერთი მილიარდი და წელს, მთავრობა იღებს ორ მილიარდამდე ახალ ვალს იმისათვის, რომ დააფინანსოს ის ვალდებულებები, რა ვალდებულებების დაფინანსებასაც ქართული სახელმწიფოს ბიუჯეტი მანამდე უპრობლემოდ ახერხებდა ვალების გარეშე", - განაცხადა დეპუტატმა და საპარლამენტო უმცირესობის აზრით, ის "სრულიად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო" საკანონმდებლო ინიციატივები დაასახელა, რომლებმაც ეკონომიკის შენელება გამოიწვია. 

მისი თქმით, ესენია: მიწის მიყიდვის აკრძალვა უცხოელებზე, ქართული ბაზრის ახალი შრომითი რეგულაციებით დატვირთვა, აქციზის გადასახადის გაზრდა, დისკუსიები აზარტული თამაშების აკრძალვასა და ახალ საპენსიო ფონდზე.

"აღარაფერს ვამბობ იმ ინიციატივებზე, რომელიც ეხებოდა პრეზერვატივებს, მეხრეებს, ჩოხებს და ა.შ.", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს".

 

კომენტარები