ქურდული სამყარო

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ენმ ქურდულ სამყაროსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კანონიერ ქურდებს "გარჩევების“ ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა. უწყების შეფასებით, გუშინ უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "სრულიად უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა".

"თითქოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მხარს უჭერს ქურდულ სამყაროს და თითქოს ციხეში კრიმინალური სამყაროს გავლენა გაიზარდა. კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკა რომ არ გადაიხედება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მტკიცე პოზიცია მრავალჯერ დააფიქსირა, ეს ასევე ძალიან მკაფიოდ დაადასტურა თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ვერავითარი წინააღმდეგობა და ინსინუაციები ამ მიდგომას ვერ შეცვლის. რაც შეეხება, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების უსაფუძვლო და აზრს მოკლებულ განცხადებებს, გვსურს, შევახსენოთ მათ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება წინა ხელისუფლების მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ქურდული სამყაროს ე.წ. ავტორეტეტებთან. აღნიშნული დოკუმენტებით მტკიცდება, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები ერთდროულად, ერთი ან რამდენიმე დღით გადაჰყავდათ დაწესებულებიდან დაწესებულებაში და მათ ერთმანეთს ახვედრებდნენ. პარალელურად, მათთან შეხვედრის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ასევე ერთი დღით გადმოჰყავდათ ე.წ. მაყურებლები. სწორედ კრიმინალური სამყაროს დახმარებით იმართებოდა სასჯელაღსრულების სისტემა და მართვის ეს მეთოდი, ძალადობასთან ერთად, მთავარ ადგილს იკავებდა პენიტენციური სისტემის მენეჯმენტში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ე. წ.ავტორიტეტების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩვენ შეგნებულად არ ვუთითებთ მათ მაიდენტიფიცირებელ არც ერთ დეტალს. მაგალითად, 2011 წლის 18 თებერვალს N7 დაწესებულებიდან ორი ე.წ. ავტორიტეტი გადაიყვანეს ჯერ N18, მოგვიანებით კი N6 დაწესებულებაში, სადაც ისინი 21 თებერვლამდე გააჩერეს. 21 თებერვალს მსჯავრდებულები N6 დაწესებულებიდან კვლავ N7 დაწესებულებაში დააბრუნეს. იმავე სქემით, 2 მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის მუხლით იხდის, 2010 წლის 21 ივნისს N7 დაწესებულებიდან N6-ში გადაიყვანეს და იმავე დღეს ისევ N7 დაწესებულებაში დააბრუნეს. ამ გადაყვანების მიზანი ერთ შემთხვევაში მოშიმშილე მსჯავრდებულების დამშვიდება და რეჟიმის აღდგენა იყო, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტისთვის დაწესებულებაში კიდევ სამი ე.წ. ავტორიტეტის შეყვანა გახდა საჭირო. მეორე შემთხვევაში, რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი და ე.წ. მაყურებელი შეახვედრეს ერთმანეთს, რათა ციხეები მათი გავლენის დახმარებით ემართათ. დაწესებულებიდან დაწესებულებაში მსჯავრდებულების რამდენიმედღიანი გადაყვანა, თუ გავითვალისწინებთ თარიღებისა და დაწესებულებების დამთხვევას, გულისხმობს იმას, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელობა ხელს უწყობდა კრიმინალების შეხვედრას და ე.წ. გარჩევების ორგანიზებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ეს დანაშაულებრივი ქმედება ვერ იქნებოდა მხოლოდ მათ ინიციატივაზე დაფუძნებული, რომ არა უმაღლესი პოლიტიკური პირების გადაწყვეტილება", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივანი ნუგზარ წიკლაური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია. წიკლაურმა სიცრუე უწოდა ხმალაძის ნათქვამს, რომ ამ კანონის მიხედვით, ქურდული სამყაროსადმი სიმპატიების გამო, ადამიანებს იჭერენ.

"ეს არის სიცრუე და არავინ არ გასამართლებულა ქურდული სამყაროსადმი გამოთქმული სიმპათიების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ქურდული სამყაროს მიმართ ღია და აშკარა მხარდაჭერას გამოხატავს", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია. დეპუტატმა 8 იანვრის პრესკონფერენციაზე სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლის ხარვეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს.

"კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშველოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან", - განაცხადა ხმალაძემ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები