ქურდული სამყარო

კანდელაკი: მმართველ გუნდში ქურდულ სამყაროსთან ღირებულებითი სიახლოვე აქვთ

www.radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქართული ოცნების ლიდერები ქურდული სამყაროს ადვოკატები არიან. დეპუტატის თქმით, ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ თავად აკავშირებთ ამ სამყაროსთან სიახლოვე.

"არ არის საიდუმლო, რომ დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის შიგნით არსებობენ ლიდერები, რომლებსაც ქურდულ სამყაროსთან ღირებულებითი სიახლოვე აკავშირებთ. მათ გარკვეულწილად შეიძლება ვუწოდოთ ამ სამყაროს ლობი. ამ პირების საქმიანობის გამოვლინებაა ეს წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ძალიან კარგი და მკაცრი კანონმდებლობის შესუსტებას ან საერთოდ გაუქმებას" , - აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, თუ კანონი შეიცვლება, ეს იქნება სახელმწიფოს იდელოგიური მარცხი ქურდული სამყაროს წინაშე.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ქურდული სამყაროს წევრობასთან და კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი გადასახედია. დეპუტატმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლის ხარვეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონში ჩადებული ნორმა ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს.

"კანონის ეს ნორმა არ მომწონს და თავის დროზე, როცა შემოიღეს, ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა იყოს შეფასებითი, თუ რა არის ეს. კანონში ჩადებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს და ჩემთვის ეს არის მნიშველოვანი და პრობლემური. ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა არის კანონიერი ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი და უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ მოქმედებასთან, რომლის გამოც შეიძლება პირი გასამართლდეს. უტრირებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ იმის გამო, რომ ვთქვათ, მე მომწონს ქურდები და მომწონს ქურდული ურთიერთობები, ამის გამო არ შეიძლება ციხეში ჩამსვან", - განაცხადა ხმალაძემ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ზოგადად დღის წესრიგში დგას სისხლის სამართლის კოდექსის რევიზიის საკითხი.

"იქ არაერთი ნორმაა შესაცვლელი და კონცეპტუალურად გადასახედი. ეს იმდენად რთული საკითხია, რომ სწრაფად ვერ ხერხდება", - დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.

იურისტ ოთარ კახიძის თქმით, დეპუტატი დეზინფორმაციას ავრცელებს. კახიძე აღნიშნავს, რომ მენტალიტეტისა და მოწონების გამო არავის სვამენ ციხეში.

ცნობისთვის, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის მე-3 მუხლში განმარტებულია ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრის, ქურდული გარჩევის და კანონიერი ქურდის ცნებები.

1. ქურდული სამყარო – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.
2. ქურდული სამყაროს წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
3. ქურდული გარჩევა – ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
4. კანონიერი ქურდი – ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

კომენტარები