კოსმოსური სადგური

კოსმოსური სადგურის მუშაობაში ამერიკის მონაწილეობა 2024 წლამდე გაგრძელდება

www.centoz.com

თეთრმა სახლმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობაში ამერიკული მხარის მონაწილეობის ვადა 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო იტყობინება.

აქამდე, კოსმოსური სადგურის საქმიანობაში ამერიკელი ასტრონავტების მონაწილეობა 2020 წლამდე იყო განსაზღვრული.

ვადის გახანგრძლივება ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს 3 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე 1998 წლიდან იმყოფება და მის საქმიანობაში 16  ქვეყანა მონაწილეობს. კოსმოსური სადგური ყველაზე ძვირადღირებულ კოსმოსურ პროექტად მიიჩნევა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მთლიანობაში სადგურისთვის დღემდე 100 მილიარდი ევრო დაიხარჯა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური სამედიცინო-ბიოლოგიური გამოკვლევებისა და ბიოპრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება. სადგურზე ასევე დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს შესწავლა მიმდინარეობს.

კომენტარები