ინვესტიცია

ოლეგ ოსინოვსკი: საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში 200 მილიონ დოლარს ჩავდებ

pilt.delfi.ee

ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც ახლახან ესტონურმა ბიზნესგამოცემა Äripäev-მა ესტონეთის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, აცხადებს, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა ესტონურ გამოცემა Eesti Päevaleht-ს განუცხადა.

"საქართველო საუკეთესო ადგილია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირებისთვის, რამდენადაც ამ ქვეყანაში 26 ათასი მდინარეა, რომლებიც მთებში იღებენ სათავეს", -  განაცხადა ოსინოვსკიმ.

ბიზნესმენის თქმით, მისი კომპანია ააშენებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს, რომლებიც წლიურად 100 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. თავად პროექტი კი, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაჯდება. "ესტონეთში ამხელა თანხის ინვესტირების შესაძლებლობა არ არის", - განაცხადა ოსინოვსკიმ. 

ესტონელი ბიზნესმენის ქონება 300 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ოსინოვსკი ფლობს კომპანიებს - Skinest Rail, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვებს ახორციელებს და წარმომადგენლობა აქვს საქართველოშიც და, ასევე, Spacecom AS, რომელიც სარკინიგზო ტანკერების ლიზინგს ახორციელებს. 

 

კომენტარები