ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: ჩოჩიევის განცხადება უსუსური და ღიმილისმომგვრელია

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის განცხადებას ეხმაურება. ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და რა სახელი დაერქმევა სამინისტროებს. ზაქარეიშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას უსუსურს და ღიმილისმომგვრელს უწოდებს.

"მათ უნდა გამოვაცალოთ ყოველგვარი არგუმენტები მსოფლიოს წინაშე. საქართველო ყველა პირობას უქმნით, რათა თავი იგრძნონ საქართველოს შემადგენლობაში ღირსეულად და ნორმალურად, რაც ადრე არ ხდებოდა. ამიტომ მათი ასეთი ჩხირკედელაობა არის უსუსური და ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელი. მით უმეტეს, 27 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა თიბილოვმა სხვა რამე თქვა. მას მიაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკა შეიცვალა და გახდა უფრო კორექტული და ნორმალური", - ამბობს ზაქარეიშვილი.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და რა სახელი დაერქმევა სამინისტროებს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არ ყოფილა, არ არის და არც იქნება.

აღნიშნული მოსაზრება ბორის ჩოჩიევმა ოსური საინფორმაციო სააგენტოს Рес-ის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეხებოდა პაატა ზაქარეიშვილის უწყების სახელის ცვლილებას. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2014 წლის იანვრიდან შეიცვალა სახელწოდებით - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

"რომელ დაბრუნებაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა სამხრეთ ოსეთი არასდროს არ ყოფილა საქართელოს შემადგენლობაში? საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, ეს ორი სხვადასხვა რამაა. სამხრეთ ოსეთი არასდროს არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და არც იქნება. როგორი ლამაზი სიტყვებიც არ უნდა ისმოდეს თბილისიდან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ქართული სახელმწიფოებრიობა, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს მას, ეფუძნება ლოზუნგს "საქართველო ქართველებისთვის". შენ უნდა გახდე ქართველი, ან იქნები მეორეხარისხოვანი მოქალაქე. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება", - განუცხადა ჩოჩიევმა ოსურ საინფორმაციო სააგენტოს.

მისივე თქმით, საქართველო აღიარების გარეშე სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს.

"ჩვენთვის მნიშველობა არა აქვს ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, როგორ გვარს ატარებენ პრეზიდენტი და მინისტრები და, მით უმეტეს, რას დაარქმევენ იქ სამინისტროებს. საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება და ჩვენი - ოსების განადგურება და მშობლიური მიწიდან განდევნა სურს. როგორი წინადადებაც არ უნდა შემოგვთავაზოს საქართველომ, მისი განხილვა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მე პაატა ზაქარეიშვილს უფრო შორსმჭვრეტელ და რეალისტ პოლიტიკოსად მივიჩნევდი. სამწუხაროდ, მისი განცხადებები საპირისპიროსზე მეტყველებენ. მე მას სამინისტროს სახელწოდების შეცვლაზე კი არა, სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრს ვურჩევდი, თუ საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დარეგულირება", - განაცხადა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა.

ჩოჩიევის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია ჰუმანიტარული შინაარსის შეთავაზებები, თუმცა, ცხინვალის ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს".

კომენტარები