ხუხაშვილი-გაბუნიას საქმე

დიმიტრი გაბუნია: გია ხუხაშვილს ვურჩევ, სამართლებრივი სივრციდან ნუ ამოვარდება

SAZOGADOEBA.GE

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, სარჩელის შეტანა ხუხაშვილის კონსტიტუციური უფლებაა. გაბუნიას განცხადებითვე, უახლოეს დღეებში საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში სარჩელს თავადაც შეიტანს.

"თუმცა, აქ ცრუ დასმენის შემადგენლობა არ არის წმინდა სამართლებრივად და ამას პროკურატურა გაარკვევს. მას ურჩევნია გაგვცეს პასუხი იმ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია უყენებს. მე მას ვურჩევდი, რომ სამართლებრივი სივრციდან ნუ ამოვარდება. დავრჩეთ სამართლებრივ სივრცეში ანუ ვილაპარაკოთ პროკურატურის და სასამართლოს მეშვეობით. მედიის საშუალებით ამ თემაზე საუბარი და ამ თემის აჟიტირება არის არასწორი. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი მანამ, სანამ არ მიიღებს პროკურატურა შესაბამის გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღეში შევა სარჩელი ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში", - აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, გია ხუხაშვილი ცდილობს ერთმანეთისგან გამიჯნოს ადვიოკატი დიმიტრი გაბუნია და ადვოკატთა ასოციაცია.

"თითქოს მე შევიყვანე შეცდომაში ადვოკატთა ასოციაცია. თურმე ისეთი მაგარი ვარ, რომ 3500 ადვოკატი შევიყვანე შეცდომაში და არ ვიცოდი. ასევე, ის ჩივის ეთიკის კომისიაში და ითხოვს ჩემთვის ლიცენზიის შეჩერებას, რაც არის ასევე სასაცილო. იმ ორგანიზაციაში ჩივის, რომელმაც მას უჩივლა პროკურატურაში ჩემზე ზეწოლის გამო. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ძლიერები სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებაში", - ამბობს გაბუნია და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის და კიდევ ორი ადვოკატი გია ხუხაშვილმა ფარულად ჩაწერა. 

საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის თქმით, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

"მე პროკურატურაში შემაქვს დღეს სარჩელი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი ტყუილი თქვა, რომ მე მას ვემუქრებოდი. ეს არის ტყუილი. და ეს ძალიან ადვილი დასადასტურებელია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - ადამიანის წინაშე ცრუ ბრალდება. ასევე შემაქვს სარჩელი ადვოკატთა ეთიკის კომისიაში მოთხოვნით, რომ მას შეუჩერდეს ადვოკატის ლიცენზია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ის შეეცადა, რომ მთელი ადვოკატთა კორპუსი ჩაეთრია ძალიან ბინძურ პოლიტიკურ კამპანიაში, რასაც არანაირი კავშირი მის პროფესიულ ღირსებასთან არ ჰქონდა", - თქვა ხუხაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და გია ხუხაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. ის ითხოვს გამოძიების დაწყებას "თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისა და ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო".

ხატიაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა დაურეკა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და ამას თავად გია ხუხაშვილიც ადასტურებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელისშეშლა. მისივე განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მხრიდან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და სხვა ადვოკატების საუბრის ჩაწერა მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე, უკანონო და დასჯადი ქმედებაა.

"პრემიერმინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მხრიდან მონაწილეობა ორი ფინანსური სუბიექტის ფინანსური დავის მოგვარებაში, პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის და ამ მიზნით პატარკაციშვილის ოჯახის და ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრა არის მისი მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 17 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა, რომელშიც ის საუბრობდა ადვოკატის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშემშლელ ფაქტებზე. როგორც გაბუნია აღნიშნავდა, გია ხუხაშვილმა უკანონოდ ჩაწერა ადვოკატებთან შეხვედრა. 

კომენტარები