2013 წლის 27, 30 და 31 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ადგილობრივი საბჭოების და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები ჩატარდა. სხდომებზე 800-მდე შუამდგომლობა განიხილეს. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 87 მსჯავრდებული - 4 ქალი და 83 მამაკაცი გაათავისუფლეს.
სხდომებზე განიხილეს იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები, ვისაც მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულის სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ქცევა საჯელის მოხდის პერიოდში, ამასთანავე შეაფასეს მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
სამინისტროს ცნობითვე, 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული მექანიზმით 1578 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო 14 მსჯავრდებულს სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ გათავისუფლდა 2519 მსჯავრდებული. მათ შორის 294 ქალი, 2183 მამაკაცი და 42 არასრულწლოვანი.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი, 39 ქალი და 790 მამაკაცი.





