ვანო მერაბიშვილის საქმე

სასამართლომ ვანო მერაბიშვილი 500 ლარით დააჯარიმა

Reuters

ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. იქამდე, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სასამართლოს უპატივცემულობის გამო, 500 ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განმარტებებით, შესვენების დროს, როდესაც დარბაზში იმყოფებოდნენ მხარეები, სასამართლო სხდომის მდივანი და ბრალდებული მერაბიშვილი, ბრალდებულმა სხდომის მდივანს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლის თქმით, მერაბიშვილმა სხდომის მდივნის მისამართით უხამსი და ბილწი სიტყვები გამოიყენა.

მოსამართლის განმარტებით, აქედან გამომდინარე, სასამართლოს უპატივცემულობის გამო, მერაბიშვილი ჯარიმდება 500 ლარით. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა მოსამართლისგან გაფრთხილებაც მიიღო.

ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლომ დაავალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისი ციხიდან გაყვანის ამსახველი ვიდეოფირების გადაცემა. აღნიშნულ შუამდგომლობაზე მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო უარი, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

კომენტარები