მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი

კუბლაშვილი: მოწმეთა დაკითხვის ახალი წესისთვის სასამართლოები ახლაც მზად არიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ხვალვე რომ ამოქმედებულიყო, სასამართლოები ამისთვის აბსოლუტურად მზად იქნებოდნენ. კუბლაშვილის თქმით, ზოგიერთი დამკვირვებლის მოსაზრება, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღება სასამართლოებს ზედმეტად დატვირთავდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს წესი რომ ამოქმედებულიყო, მზად შევხვდებოდით. მართალია, დატვირთვა გაიზრდებოდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება ზოგიერთი დამკვირვებლისა და კომენტატორის მოსაზრება, რომლებიც ამბობდნენ, რომ სასამართლოები გადაიტვირთებიან და ვერ შეძლებენ ამ ყველაფრის გაკეთებას. ეს ნამდვილად არ არის სწორი. ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას, ახალი წესი ხვალვე რომ ამოქმედდეს. მეორე საკითხია რატომ გადავადდა - ეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმეა და ამაზე პასუხი მათ უნდა გასცენ. სასამართლო ხელისუფლება კი ახლაც და მით უმეტეს, ორი წლის შემდეგაც, ძალიან კარგად იქნება მომზადებული ამ პროცესის აბსოლუტურად უხარვეზოდ განხორციელებისთვის", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვით, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის შესახებ კანონის ამოქმედება ორი წლით - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. ამ გადაწყვეტილებას ხმა 71 დეპუტატმა მისცა, 25 პარლამენტარი წინააღმდეგ წავიდა. სხდომაზე მყოფ უმრავლესობის რამდენიმე წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, რომ ვეტოს უფლება გამოიყენოს და არ დაუშვას მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადება.

კომენტარები