გამოხატვის თავისუფლებ

ყოვლისშემძლე მორალისტი აბეზრები

„ალბათ უკეთესია იცხოვრო ავაზაკი ბატონების ძალაუფლების ქვეშ, ვიდრე ყოვლისშემძლე მორალისტი აბეზრების. ბატონების ულმობლობა ხანდახან თვლემს, მაგრამ ისინი, ვინც გვაწამებენ ჩვენივე სიკეთისთვის, გვაწამებენ დაუსრულებლად, რადგან ამას საკუთარი სინდისის კარნახით აკეთებენ".

კლაივ ლუისი

საქართველოში წლებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ორი დიამეტრულად განსხვავებული პოზიციებისა და ინტერესების მატარებელი ჯგუფი ითხოვს. ერთს, საქართველოს საპატრიარქოს, რელიგიური ცენზურის დაწესება სურს, ხოლო მეორეს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს, სიძულვილის ენის კრიმინალიზება.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნას ეს უკანასკნელი, ქსენოფობიის გავრცელებისგან თავდაცვის მიზანზე აფუძნებს. მათ სურთ, სიძულვილით წარმოთქმული სიტყვა, სიძულვილით განხორციელებულ საქმედ არ იქცეს. შსს-ს მიერ მკრეხელობის წინააღმდეგ ინიცირებულმა კანონმა დაგვანახა, რომ ამ უკანასკნელთა მოთხოვნები სწორედ საქართველოს საპატრიარქოს წისქვილზე ასხამს წყალს.

ფუნდამენტალისტურმა ძალებმა კარგა ხანია აითვისეს როგორც ტექნიკური პროგრესი – და მას დღეს სატანისტურად აღარ აცხადებენ, ისე პოსტმოდერნული დისკურსის და ევროპული ფრაზეოლოგიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. მათი არასათანადო შეფასება ხშირად იწვევს დაბნეულობას. საპატრიარქო დიდი ხანია აღარ არის ორგანიზმი, რომელსაც უცხო სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის. საზოგადოების მეორე ნაწილშიც მოიძებნებიან სასარგებლო იდიოტები, რომლებიც მას ამაში ხელს უწყობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ კოდექსს უნდა დამატებოდა მუხლი, რომელიც სამართალდარღვევად აცხადებდა რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და ამ ნიადაგზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას.

კანონპროექტის მთავარი მხარდამჭერი და ინიციატორი საქართველოს საპატრიარქოა, რომელიც მრავალი წელია ამ მოთხოვნით გამოდის და დღეს უკვე თანახმაა, აკრძალვას „სიძულვილის ენის" ფორმულირება მიეცეს. რადგან მას, განსხვავებით არასამთავრობოთა ნაწილისგან, ესმის, რომ სახელმწიფო ამით საპატრიარქოს კი არ ჩასჩრის პირში ბურთს, საიდანაც მომდინარეობს ქსენოფობიის ტალღა, არამედ სწორედ ამ არასამთავრობოებსა და ინდივიდებს, რომლებსაც საპატრიარქოსგან მომავალი ქსენოფობიის გაპროტესტებას, მკრეხელობად ჩაუთვლიან.

საპატრიარქო ამით, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობის ტრადიციის განვითარებაში ახალ ფურცელს წერს და იმედი ვიქონიოთ, რომ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის პოსტის შემოღებამდე საქმე არ მივა. რადგან, თუ ამ კანონს მივიღებთ, ამ ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობა უბრალოდ ლოგიკურად დადგება.

გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური გრძნობების ერთდროულად დაცვა რომ შეუძლებელია, ამაში ისტორია და გამოცდილება გვარწმუნებს. ამასთან, შეუძლებელია დავიცვათ ერთი რელიგიის გრძნობები ისე, რომ მეორე არ ვაზარალოთ.

საუკუნეების მანძილზე მკრეხელობის მოტივით კრძალავდნენ ლიტერატურას, რომელსაც დღეს დიდი ინტერესით ვკითხულობთ. აუტოდაფეზე იგზავნებოდა ერეტიკული ტექსტები. რელიგიურ პოლიციას პრობლემები ჰქონდა სახვით ხელოვნებასთან და, ზოგადად, ყველაფერთან, რაც არ მოეწონებოდა. სწორედ ამგვარი კანონით იკრძალებოდა ისლამურ ქვეყნებში ბიბლიისა და სახარების შენახვა, ხოლო ზოგჯერ, ამავე წიგნის „ქებათა ქებაში" აღწერილი, ეროტიკად ან პორნოგრაფიად მიიჩნეოდა ხოლმე.

შეიძლება თუ არა მკრეხელობად ჩაითვალოს გარკვეული ისტორიული ფაქტების გამომზეურება? მაგალითად, არის თუ არა მკრეხელობა იმის გახსენება, რომ 1801 წლის ანექსიამდე, ზოგიერთი ქართველი იერარქი ცარიზმის აგენტი იყო და ანექსიას ნიადაგი შეუმზადა? ან საბჭოთა კავშირში სასულიერო პირთა კოლაბორაციონიზმი მანქანასთან, მათ შორის, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის მონაწილეობა საბჭოთა პროპაგანდისტულ ღონისძიებებში, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი? ილია მეორის კრიტიკა და მისი პიროვნების მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება ხომ არაერთხელ გამხდარა დაგმობის მიზეზი.

თუმცა ისტორიული ფაქტის დადგენა რაციონალურ საფუძველზე კიდევ შესაძლებელია. ის შეიძლება დავის საგანი იყოს, მაგრამ რაღაც მატერიალურ საფუძველს უპოვი. რასაც ვერ იპოვი თეოლოგიაში, რომელიც ხილულ და მოუხელთებელ რეალობაზე გვესაუბრება. უნდა ითქვას, რომ ქრისტეს დასჯის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ებრაელთა წეს-ჩვეულებებიდან გადახვევა და მკრეხელობა იყო. როცა ის ამბობდა, რომ ტაძარს დაანგრევდა და სამ დღეში ააშენებდა – მასა წყობიდან გამოდიოდა, მაგრამ სწორედ ამ „მკრეხელობაზე" იშვა ახალი რელიგია.

საბოლოოდ, ისტორიამ და გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მკრეხელობის დასჯა იმდენად არის შეუძლებელი, რამდენადაც რთულია მისი განსაზღვრა. შესაძლოა მკრეხელობა არ მოგწონდეს, მიგაჩნდეს, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია, მაგრამ გსურდეს ის კანონით აკრძალო, ჩიხური სიტუაციის შექმნის მცდელობაა. ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელიმე რელიგიური ჯგუფისთვის ან პირისთვის, რა შეიძლება იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

მთელი აკადემიური სამყარო დღემდე დავობს, რა შეიძლება იყოს რელიგია და რა არა. მათი სამეცნიერო პოზიცია ზოგჯერ არა ორად, არამედ ასად იყოფა. ის, რაც რელიგიათმცოდნეთა და თეოლოგთა არმიამ ჯერ ზუსტად ვერ განსაზღვრა, რანაირად უნდა მოახერხოს შინნაზარდმა პოლიციელმა, პროკურორმა ან მოსამართლემ?

მორწმუნეს შეუძლია საკუთარი თავისთვის განსაზღვროს რელიგიური სიწმინდისა და მკრეხელობის ზღვარი, მაგრამ კანონს ეს არ შეუძლია.

გამოხატვის და რელიგიის თავისუფლებასთან მსგავსი კანონების შეუსაბამობას თუ დროებით გვერდზე გადავდებთ, დავინახავთ, რომ შეუძლებელია არადისკრიმინაციულ საფუძველზე ყველა აღმსარებლობის მიმდევრის რელიგიური გრძნობების თანაბრად დაცვა, მაშინ როცა მათი თეოლოგიური წარმოდგენები ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ექსკლუზივისტურია. შეუძლებელია განვსაზღვროთ სად იწყება ჩემი რელიგიური გრძნობები და სად მთავრდება შენი, რადგან რელიგია საკუთარ წარმოდგენებს ზღვარს არ უწესებს. აღმსარებლობა კი მრავალია. ჩვენმა სასამართლომ უნდა მოახერხოს ამ თითოეული უსასრულობისა და მასთან დაკავშირებული გრძნობების იმგვარი შეპირისპირება, რომ სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი არ შელახოს. ამის მოლოდინი კი, თავად არის ირაციონალური რწმენა.

მაგალითად, არის თუ არა წმინდა სამების დოგმატი წინააღმდეგობაში უკიდურეს მონოთეიზმთან – ვთქვათ, ისლამთან ან იუდაიზმთან, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი მხოლოდ ერთია და არავითარი სამპიროვნება არ გააჩნია. ვისი წყენა და შეურაცხყოფა დავსაჯოთ? რა ვუყოთ პროტესტანტთა ნაწილს, რომლებიც ამბობენ, რომ ევქარისტიული საიდუმლოს (ზიარება) იმგვარი პირდაპირი გაგება, როგორიც მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს აქვთ – ანუ ქრისტეს სისხლის სმა და ხორცის ჭამა, კანიბალიზმის გამოვლინებაა? იქნებ მართლმადიდებელი ან კათოლიკე ეკლესია უნდა დავაჯარიმოთ იმისთვის, რომ პროტესტანტებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ.

არის თუ არა მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, როცა ისა წინასწარმეტყველს, ანუ ქრისტიანთა იესო ქრისტეს ხატს ხედავს? ისლამი მკაცრად კრძალავს ნებისმიერი წინასწარმეტყველის გამოსახვას, მართლმადიდებლური და კათოლიკური ტაძრები კი სავსეა ისა წინასწარმეტყველის გამოსახულებებით. მათ შორის, ამავე წინასწარმეტყველს, ამავე ჯვარცმაზე, სხეულის უდიდესი ნაწილი შემოსილი არ აქვს.

ისლამისთვის ასევე წმინდაა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა აბსოლუტური უმრავლესობა – ადამი, აბრაამი, მოსე, ისააკი და ა.შ. რომელ მოსამართლეს შეუძლია იმსჯელოს, შეელახა თუ არა მუსლიმს უფლებები, როცა თვალი მოკრა ამგვარ გამოსახულებებს? რით იხელმძღვანელებს ეს მოსამართლე?

რომის პაპი მისურის სინოდის ულტრაორთოდოქსი ლუთერელისთვის ანტიქრისტეს მსახური შეიძლება იყოს. პაპის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არაერთ პროტესტანტ ფუნდამენტალისტს აქვს. ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფილმა პრემიერმა, პრესვიტერიანელმა პასტორმა იან პეისლიმ ევროპარლამენტში იოანე-პავლე მეორის ვიზიტისას დებოში მოაწყო. პეისლი პაპს უყვიროდა და ანტიქრისტეს ეძახდა. ის არც მაშინ დაწყნარდა, რაც დეპუტატებმა დარბაზიდან გაიყვანეს. იქნებ ევროპარლამენტს უარი უნდა ეთქვა პაპის მიღებაზე, პეისლის რელიგიური გრძნობების დასაცავად?

ან თავად მართლმადიდებელ ეკლესიაში, შესაძლოა თუ არა კონსერვატორმა მართლმადიდებელმა, შედარებით არატრადიციონალისტური განწყობების მორწმუნისგან თავი იგრძნოს შეურაცხყოფილად, როცა ის ტაძარში შარვლით ან ოდნავ ღრმა დეკოლტეთი შევა? და თუ ტრადიციონალისტი ქალბატონი მას შენიშვნას მისცემს, იქნებ სწორედ ის არატრადიციონალისტი აღმოჩნდეს შეურაცხყოფილი? სად მივდივართ, თუ ორთავე განაცხადებს, რომ მათ სურთ კანონი კანონობდეს? რომელთა რელიგიურ გრძნობებს მივანიჭოთ უპირატესობა?

ამას გარდა, რელიგიათმცოდნეთა მთელ არმიასაც არ აქვს პასუხი და დავის საგანია, რა არის რელიგია. მისი სრულყოფილი განსაზღვრება ჯერ არავის უპოვია. მაგალითად, არის თუ არა რელიგია ბუდიზმი ან კონფუციანელობა? ამ რელიგიურ მიმდინარეობებს ღმერთი არ ჰყავთ. შეიძლება თუ არა იყოს მიმდინარეობა რელიგიური, თუ მას საერთოდ არ ჰყავს ღმერთი? თუ კი, მაშინ რა ნიშნით უნდა განასხვაო ის ეთიკური მოძღვრებებისგან, მაგალითად, ალბერტ შვეიცარის მიმდევრებისგან?

ან შტაინერელები და ოკულტისტური და თეოსოფიური მიმდინარეობები როგორ შეიძლება გამოვყოთ რელიგიისგან. სად, როდის, ვის კარმაში შეიჭრები, ღმერთმა უწყის.

თუ რელიგიებს ღმერთი არ სჭირდებათ, როგორც ამაში ბუდიზმმა და კონფუციანელობამ დაგვარწმუნეს და მრავალფეროვანი რიტუალებიც არ არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაც რელიგიას წარმოადგენდეს – დაგვემოწმებიან კვაკერები, მაშინ ცხოველთა ემანსიპაციის მომხრეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არაადამიანური სიცოცხლის ხელყოფაც დანაშაულია, რით განვასხვაოთ მათგან? ირაციონალურ რწმენა-წარმოდგენებსა და მორალურ მაქსიმებს შორის, რომელთა შეხედულებებიც ემპირიას არ ეფუძნება, როგორ გავავლოთ მიჯნა?

რა ვუყოთ ვეგეტარიანელებს, თუ ერთხელაც ჩათვლიან, რომ მაგალითად „ნიკორას" რეკლამა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა? ავკრძალოთ ხორცპროდუქციის რეკლამირება და ჭამა? ვიღაც უფრო შორსაც მიდის, მაგალითად, ვეგანები – ეს უკანასკნელნი მიიჩნევენ, რომ არ უნდა ჭამონ არცერთი საკვები, მათ შორის, არც რძის პროდუქტები, რომელიც ცოცხალი სამყაროს ექსპლოატაციით მიიღება – ნუ იყოფინ და ვინმემ თვალი მოგკრათ ყველის ჭამისას.

ვეგანური დიეტის კიდევ ერთ ქვეტიპს მიეკუთვნებიან ფრუკტორიანელები – ისინი ჭამენ მხოლოდ იმ მცენარეებს, რომლებსაც ადამიანი არ ანადგურებს. ნაყოფის ჭამა იქამდე არ შეიძლება, სანამ ხეს არ მოწყდება და ძირს არ დავარდება. ყურძენს კი აშკარად კრეფენ და ისე წურავენ. ამიტომ ღვინოს დაგემოვნება უნდა შევწყვიტოთ? წმინდა ზიარების მიღება როგორ ავუკრძალოთ ქრისტიანებს?

კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია, როცა საქმე ეხება ეკოლოგისტებს. ამ უკანასკნელთათვის მთელი პლანეტა ერთი დიდი ინდივიდია. ბუნების ძალა ადამიანზე მაღლა დგება და მისი გაფრთხილება თითოეულის წმიდათაწმიდა მოვალეობად იქცევა. ამ შეხედულებათა სისტემისთვის ბუნება ერთგვარ სიწმინდეს წარმოადგენს. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ამგვარი რწმენა-წარმოდგენები სწორედ რომ რელიგიურია, რაზეც ერთიანი პოზიცია არ არსებობს, მაშინ საყოველთაო ხარაკირით უნდა გავინადგუროთ თავი, რათა დედა პლანეტა არ ვაზარალოთ ჩვენი მკრეხელური ცივილიზაციითა და კულტურით.

რატომ არ არის ბევრ ქვეყანაში აღიარებული მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის (რომელიც სწორედ ამგვარი კანონებისა თუ რელიგიური პრივილეგიების დასაცინად შეიქმნა) წევრის რელიგიური გრძნობების ხელყოფა, როცა საჯაროდ შეექცევი სპაგეტის იტალიურ რესტორანში, ხოლო ის გხედავს? ვინ და როგორ გაზომავს, რომ პასტაფარიანელს არ აქვს რელიგური გრძნობა, ხოლო მართლმადიდებელს, რომელსაც არ მოეწონა რომელიმე მწერლის ლიტერატურული ტექსტი, აქვს და თან ის ხელყვეს?

შეძლებს ამის უზრუნველყოფას კანონი, რომლის მიზანიც თანასწორობის უზრუნველყოფაა?

ან სულაც, არის თუ არა თავად ათეიზმი რელიგია? ფაქტია, რომ ღმერთის მოხელთება შეუძლებელია. აბსოლუტურად შეუძლებელია ვინმემ ლაბორატორიაში დაადგინოს, რომ ის არსებობს, მაგრამ ასეთივე შეუძლებელია იმავე ლაბორატორიაში განხორციელებული ქიმიური რეაქციებით, მისი არარსებობის მტკიცება. აქედან გამომდინარე, არის თუ არა ათეიზმი რწმენა იმისა, რომ ვიღაც, ვისაც ვერ ხედავ და მოცემულობა ისეთია, რომ ვერც დაინახავ – არ არსებობს? შესაბამისად, რა ვუყოთ რაციონალისტებს – რომლებიც ერთხელ გადაწყვეტენ, რომ ქრისტიანთა ქადაგებები, ულტრაიისფერი სხივებით ხვლიკების გადიდება ან კრეაციონისტული რელიგიური მიმდინარეობები მათ შეურაცხყოფს? შეძლებს კი მოსამართლე, მათ ადგილზე დაუმტკიცოს ღმერთის არსებობა?

რთულია გაავლო მკვეთრი ზღვარი რელიგიებსა და ფილოსოფიასა და იდეოლოგიებს შორის. ტოტალიტარული, ფაშისტური ან კომუნისტური იდეოლოგიები მიწიერი სამოთხისკენ მიისწრაფვიან და სურთ რკინის ხელით შერეკონ ადამიანები ედემში. მათი იდეები ირაციონალურ საფუძველს ეფუძნება და მიზანიც აპოკალიპტურია. ეს იდეები მიიჩნევენ, რომ ადამიანის გაუმჯობესება რაციონალური ან სამეცნიერო ფორმულის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია. რწმენა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის ან რომელიმე რასის აღმატებულების შესახებ, როგორ განვასხვაოთ რელიგიური რწმენისგან?

საბოლოოდ, სპონტანური წესრიგის გარდაქმნის მცდელობები სისხლისღვრამდე მიდის. შესაბამისად, ხომ არ აღგვეგავა პირისაგან მიწისა ლიბერალიზმი და ინდივიდუალიზმი, რადგან ეს ტოტალიტარების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს? ან პირიქით, იქნებ ერთიანად უნდა გადავწვათ მარქსისტული ლიტერატურა? კანონი, რომელიც მოისურვებს, ამ შეურიგებელ რელიგიურ მოსაზრებებში, თანასწორობის პრინციპით უზრუნველყოს და დაიცვას გრძნობები, კიდევ ერთ პრობლემას წააწყდება. პირმა, რომელსაც ნორმას უწესებ, იქამდე სანამ დანაშაულს ჩაიდენს, არ იცის, არის თუ არა ეს დანაშაული. ანუ, უძველესი პრინციპი, რომ კანონის გარეშე არ არსებობს დანაშაული – იგნორირებულია. ნორმა შესაძლებლობას უნდა აძლევდეს კანონმორჩილ ადამიანს, დაარეგულიროს საკუთარი ქმედებები. ზუსტად განჭვრიტოს, რა არის დაშვებული და რა აკრძალული. როცა კანონი ამას ვერ ახერხებს – მაშინ გზას უხსნის განუკითხაობას. როგორ უნდა გამოვიცნოთ, ვისი რელიგიური გრძნობები შეურაცხვყავით, როცა გრძნობები სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარი აქვს. ის, რაც ერთი ადამიანისთვის სიწმინდეა, მაგალითად, თეთრი ძროხა ზოგიერთი აზიური რელიგიისთვის, ან საქართველოში, წალკის საკურთხევლის ქვეშ მოშენებული სასწაულმოქმედი კალმახები, მეორისთვის შესაძლოა უბრალოდ საკვები იყოს.

ამიტომ, რადგან არ გვაქვს შანსი გამოვიცნოთ, რას ფიქრობდა საკანონმდებლო ორგანო, როცა რელიგიური სიწმინდის ხელყოფას გვიკრძალავდა, ერთადერთი არჩევანი გვრჩება – გავჩუმდეთ და რაღაც თემებსა და ადამიანებს საერთოდ ავუაროთ გვერდი. მაგრამ პრობლემა აქ არ მთავრდება – რადგან ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს მივეცით ჩვენი გრძნობების დასაცავად, ვერ გავითვალისწინეთ რა, რომ იქაც არასრულყოფილი ადამიანები ბინადრობენ, ერთხელ შეიძლება ჩვენვე შემოგვიბრუნდეს ძალიან მტკივნეულად. რადგან კანონი, რომელიც ცხადად ვერ განსაზღვრავს, რა არის სასჯელი, როგორც წესი, ხდება იარაღი აბსოლუტურად კონკრეტული ჩინოვნიკისგან, საკუთარი ცხადი მიზნების განხორციელებისთვის.

კომენტარები