ქუთაისის ტორპედო

ვისოლი ქუთაისის ტორპედოს აღარ დაასპონსორებს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ტორპედო კომპანია ვისოლის მმართველობაში აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი ლელო ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვისოლის ხელმძღვანელებმა ეს ამბავი ტორპედოს თანამშრომლებს უკვე განუცხადეს და მათაც დახმარების თხოვნით ქუთაისის მერიას მიმართეს.

ინვესტორის გარეშე დარჩენილი კლუბი მძიმე სიტუაციაშია, უცნობია რა შემადგენლობით იასპარეზებს ეროვნულ ჩემპიონატში და რა ფინანსური შესაძლებლობები ექნება.

ფაქტია, რომ გუნდი ახლა დაშლის პირასაა და არავინ იცის, რა შემადგენლობით შეხვდება ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს.

ლელოს ცნობით, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ კლუბის თანამშრომლებს დახმარება აღუთქვა, თუმცა მისი თქმით, საბიუჯეტო სახსრები უკვე გადანაწილებულია და ალტერნატიული გზების პოვნა მოუწევთ.

"წინასწარ საიდან გვეცოდინებოდა, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები და ამიტომაც აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში. საბიუჯეტო სახსრები უკვე გადანაწილებულია და ახლა სხვა სფეროებს ვერ ჩამოვაჭრით, ეს გამორიცხულია. თუმცა, ყველანაირად შევეცდებით გუნდის დახმარებას და ინვესტორის მოზიდვას. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვისოლზე, თუ ვის გადასცემს გუნდს - თვითმმართველობას თუ ცენტრალურ ხელისუფლებას", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარები