რელიგიათა დიალოგი

საქართველოში მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია

25 დეკემბრის საღამოს ბეთელის მოხუცებულთა თავშესაფარში იესო ქრისტეს შობის აღსანიშნავად თავი მოიყარეს მუსლიმმა და ქრისტიანმა წინამძღოლებმა საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. ზეიმი ქართველ მუსლიმთა კავშირისა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული. 

საღამო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის უკვე გადამდგარმა მთავარეპისკოპოსმა, დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ზურაბ ცეცხლაძემ გახსნეს. მათ ბიბლიიდან და ყურანიდან ამოიკეთხეს საკითხავები, რომლებიც იეოს შობას უკავშირდება. ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალის გუნდმა შეასრულა საშობაო საგალობელი "25-სა დეკემბერსა" ორი ვარიაციით: "ქრისტე იშვა ბეთლემსა" და "ისა იშვა ბეთლემსა" (ყურანულ ტრადიაციაში იესო მოიხსენიება, როგორც ისა).

ზეიმს ესწრებოდნენ ქართველი სუნიტი სასულიერო პირები, საქართველოს მუფთის მოადგილე, ადამ შანთაძე, ასევე აზერბაიჯანელი შიიტი სასულიერო პირები და რელიგიური ლიდერები: ჰაჯ-ალი ალიევი - კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, აზიზ ნაბიევი - მარნეულის მედრესეს დირექტორი და სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, ჰაჯ ფაიგ ნაბიევი - ორგანიზაცია ალულბეითის დირექტორი თბილისში, აგრეთვე ფერეიდნელი შიითი თეოლოგი, ყუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, პროფესორი აქბარ მუყადასი, და თურქეთის საელჩოს ატაშე აჰმედ ერდემი (ქავთარაძე). ზეიმზე ქრიტანთა მხარეს წარმოადგენდნენ ეპისკოპოსები - ილია ოსეფაშვილი, მერაბ გაფრინდაშვილი, რუსუდან გოცირიძე და ასევე სხვა სასულიერო პირები და ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები როგორც ბაპტისტური, ასევე მართლმადიდებლური ტრადიციიდან.

შეხვედრას მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, რომელმაც თავის სიტყვაში თქვა: "იესომ თქვა, სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, მეც მათ შორისა ვარო. დღეს ორზე და სამზე მეტნი ვართ იესოს სახელით შეკრებილნი და, შესაბამისად, იესო ჩვენთან არის".

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეიმს ესწრებოდა შერიგებისა და მოქალაქეთა თანასწორობის მინიტრი პაატა ზაქარეიშვილი.

კომენტარები