თბილისის მერია

შოშიაშვილი: მერიის ადმინისტრაცია შემოწმების აქტს არ ეთანხმება

თბილისის საკრებულო

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისი მერიის ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ბოლო თვეების განმავლობაში, რაც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძეა, კომისიაში არც ერთი აქტი არ განუხილავთ. მისივე თქმით, კომისიის წევრები საქმის კურსში არ არიან თუ რას აკეთებს კომისია. ამასთან, თამაზ შოშიაშვილის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაცია შემოწმების აქტს არ ეთანხმება და მასზე ხელი მოწერილი არ აქვს.

"შემოწმების აქტი შესრულებულია პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე, რადგან არ ახლავს არც ერთი დანართი და რას ეყრდნობა შესაბამისი აქტის შინაარსი, ჩვენთვის გაურკვეველია", - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და აღნიშნა, რომ მერიამ შესაბამისი აქტის შინაარსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არაერთხელ მოითხოვა.

"ბატონი ქავთარაძის განცხადებები არის უნიჭოდ შესრულებული პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს და ეს არ გახლავთ ფინანსური დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა", - თქვა შოშიაშვილმა და დასძინა, რომ უსაფუძვლო განცხადებები მერიის წინააღმდეგ აგორებულ პოლიტიკურ პიარს ემსახურება.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის თავმჯდომარის თქმითვე,  სარევიზო კომისიის თავმჯდომარემ ელემენტარული არითმეტიკა არ იცის.

"ახლა დავთვალეთ და ელემენტარული არითმეტიკაა. გიგი უგულავას 2013 წლის მარტში, 30 დღის განმავლობაში, დღე და ღამე რომ არ დაეძინა, მუდმივად ჰქონოდა ტელეფონი ხელში და ესაუბრა, ტარიფი წუთში გამოდის 90,5 თეთრი ანუ როუმინგის ტარიფი, როცა გიგი უგულავა თბილისში იყო და ეწეოდა თავის საქმიანობას. ეს არის სრული აბსურდი და ელემენტარული არითმეტიკის არცოდნა. ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, რომელსაც უნიჭო ადამიანები იმდენად უნიჭოდ ასრულებენ, რომ სრულ აბსურდს აწვდიან საზოგადოებას", - ამბობს შოშიაშვილი.

ცნობისთვის, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად, სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. მისი თქმით, დარღვევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომით ანაზღაურებასთან და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მიხეილ ქავთარაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით, შრომით ანაზღაურებაზე დახარჯა 14 552 000 ლარი, აქედან ხელფასების სახით გაიცა 4 200 000 ლარი, დანამატების სახით 1 500 000 ლარი, ხოლო პრემიებზე - 8 700 000 ლარი. მისივე ინფორმაციით, 2013 წლის მარტის თვეში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 ათასი ლარი შეადგინა. ასევე, თბილისის მერიამ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის გამართულ ბანკეტებზე, ფურშეტებზე და ღონისძიებებზე 480 000 ლარი დახარჯა.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.

კომენტარები