სუვერენული ფონდი

მთავრობა სუვერენულ ფონდს აფუძნებს

მთავრობა საპარტნიორო ფონდის საფუძველზე, საქართველოს სუვერენულ ფონდს აფუძნებს. ფონდის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება და მის კაპიტალში გადავა ყველა ის სახელმწიფო აქცია, რომელსაც ამჟამად საპარტნიორო ფონდი ფლობს. ესენია: საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი და თელასი. ეს აქციები/წილები თავს მოიყრის ახალ ერთეულში - სტრატეგიული აქტივების კომპანია - რომელიც სუვერენული ფონდის შიგნით ჩამოყალიბდება.

საქართველოს სუვერენული ფონდის მიზანი იქნება მოგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა და ასეთ პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ გასულ თვეში ტაბულასთან ინტერვიუში აღნიშნა, სუვერენული ფონდი ფუნქციებით საპარტნიორო ფონდის მსგავსი იქნება, განსხვავებული იქნება მართვის სტრუქტურა. მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის სუვერენული ფონდის ცნება საპარტნიოროსთან შედარებით უფრო გასაგებია.

საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საპარტნიორო ფონდი სტრატეგიული განვითარების ფონდად გარდაიქმნება და საქართველოს სუვერენული ფონდის შვილობილ საწარმოდ ჩამოყალიბდება. სტრატეგიული განვითარების ფონდის აქციათა 100%-ის მფლობელი სუვერენული ფონდი იქნება. 

კომენტარები