მთაარი პროკურატურა

გიორგი მელაძე: პროკურატურას მივცემ ყველა ინფორმაციას, რაც გამაჩნია

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი მელაძეს თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით კითხავენ. როგორც გიორგი მელაძემ ჟურნალისტებს უწყებაში შესვლამდე განუცხადა, მისი დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

"მასობრივი შეტევები განხორციელდა თბილისის მერზე და მთლიანად თბილისის მერიაზე. ეს საკითხი არის წმინდა პოლიტიკური. მე გიგი უგულავას მოადგილე ვიყავი 2006-2008 წლებში, როდესაც ეს ფონდი საერთოდ არ არსებობდა, ანუ, არანაირი შეხება არ მქონია ამ საკითხთან. აქედან გამომდინარე, თქვენ თავად განსაზღვრეთ, რასთან გვაქვს საქმე. მე დამიბარეს პოლიტიკური მოტივით. ამ საქმეზე დაკითხულია მერიის ასობით თანამშრომელი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ჩემი მეგობრები და ნამდვილად არ ვაპირებ, გამოვიყენო დეპუტატის იმუნიტეტი და პროკურატურას მივცემ ყველა ინფორმაციას, რაც გამაჩნია", - განაცხადა გიორგი მელაძემ.

დეპუტატის მხარდასაჭერად პროკურატურასთან შეიკრიბნენ მისი ახლობლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უმცირესობის წევრი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.

"საქმე ეხება გ. მელაძის ქ. თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების მიზნით, აიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტებს", - აღნიშნავს უწყება.

კომენტარები