თბილისის მერია

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე: მერიაში დარღვევები გამოვლინდა

tbilisi.gov.ge

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად, სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. როგორც ქავთარაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე თქვა, დარღვევებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომით ანაზღაურებასთან და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მიხეილ ქავთარაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით, შრომით ანაზღაურებაზე დახარჯა 14 552 000 ლარი, აქედან ხელფასების სახით გაიცა 4 200 000 ლარი, დანამატების სახით 1 500 000 ლარი, ხოლო პრემიებზე - 8 700 000 ლარი.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრემიები მხოლოდ თანამდებობის პირებზე გაიცემოდა და - არა რიგით თანამშრომლებზე. მისივე თქმით, 2012 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე გაცემულმა პრემიამ 704 397 ლარი შეადგინა, რაც მათი თანამდებობრივი სარგოს 500-600% შეადგენს.

"არის შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეს ერთ თვეში დანამატის და პრემიის სახით მიღებული აქვს ხელფასის შესაბამისი 677%. მაგალითად, მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კახა ლეგაშვილი, რომელსაც 2012 წლის დეკემბერში ნამუშევარი აქვს არასრული დღეები, ხელფასად მიღებული აქვს 1 600 ლარი, ხოლო პრემიის ოდენობამ შეადგინა 10 047 ლარი, თანამდებობრივი სარგოს 25%. იგივე მდგომარეობაა მის მოადგილეებთან დაკავშირებითაც. მერის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის თანამდებობრივი სარგო იყო 2 470 ლარი. ამავე დროს, 6 თვის განმავლობაში ხიზანიშვილს დანამატის სახით მიღებული აქვს 18 682 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვეში ამ პიროვნებაზე დარიცხულია 21 776 ლარი, რომელიც არის დანამატი და პრემია თანამდებობრივი სარგოს 677%", - განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2013 წლის მარტის თვეში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 ათასი ლარი შეადგინა. ასევე, თბილისის მერიამ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის გამართულ ბანკეტებზე, ფურშეტებზე და ღონისძიებებზე 480 000 ლარი დახარჯა.

"თბილისელების ბიუჯეტი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ღონისძიებებზე დაიხარჯა", - ამბობს მიხეილ ქავთარაძე.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.

კომენტარები