პრეზიდენტის ინტერვიუ

პრეზიდენტი: ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაპყრობას თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არ იქნება მეზობელი, რომელიც პრობლემებს შექმნის, თუმცა ქვეყანა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და ამას მოითხოვს ყველა მეზობლისგან. როგორც მარგველაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რუსეთ-საქართველოს მომავალი რთულია.

"თუმცა, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ, ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვითარდება - ანუ ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის ორი ფორმატი: ჟენევა და პრაღა. პრაღა, ძირითადად, ორიენტირებულია კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც თავისთავად პოზიტიურია. ამ ორი ფორმატის განცალკევება სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ  ნელ-ნელა ხდება ღვინის, მინერალური წყლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა რუსეთის ბაზარზე, რაც ქმნის დადებით ფონს და ამ ფონმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა ჩვენ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ საკითხებზე. პოლიტიკურ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ ომს, რომელიც წარმოებს ორ სახელმწიფოს შორის, ლოგიკა უნდა ჰქონდეს. წამიკითხავს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომ თემური წყობილების დროს გასართობად ომობდნენ. მას შემდეგ, რაც ადამიანები გადავიდნენ ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე, ომს აწარმოებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესებისთვის", - აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ასევე თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაპყრობას. 

გიორგი მარგველაშვილის აზრით, ამ თვალსაზრისით 2008 წლის ომი უპრეცედენტო იყო, რომლის შედეგადაც რუსეთის საერთაშორისო იმიჯი შეილახა.

"არც ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ყოფა გაუმჯობესებულა, ვინც მავთულხლართებს მიღმა დარჩა. საქართველოსთვის ეს იყო ტრაგიკული და მძიმე დარტყმა. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ვითარების შენარჩუნება არავის უნდა აძლევდეს ხელს. საქართველოს დემონიზაცია ვეღარ მოხდება, ვერ მოხდება საქართველოს წარმოჩინება როგორც აგრესორისა, რადგან საქართველოს მთავრობა ძალიან რაციონალურ, მშვიდ პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, არსებულ ვითარებას მშვიდად თუ შევხედავთ, რუსეთის ფედერაციას უნდა აძლევდეს ხელს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური მეზობელი, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მეზობელი ქვეყნის, მის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. შესაბამისად, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისკენ, სიტუაციის დამშვიდებისა და გარემოს დაწყნარებისკენ", - აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ლოგიკური სცენარი ასეთია.

"ერთია გარკვეული მოქმედებები და მეორე ამ დე ფაქტო ვითარებიდან ყველა ჩვენგანის გამოსავალი. ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ ჩვენი პოლიტიკური ვექტორი მსოფლიოს. საქართველო არ იქნება მეზობელი, რომელიც პრობლემებს შექმნის, თუმცა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და ამას მოითხოვს ყველა მეზობლისგან. ამ გზიდან ჩვენ ვერ გადაგვიყვანენ", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები