2014 წლის ბიუჯეტი

ხადური: 2014 წელი უკეთესი იქნება

financial.ge

2014 წელი ყველა გათვლით იქნება უკეთესი, ვიდრე იყო 2013 წელი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხადურმა სამინისტროს ერთი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკური სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო დონორი და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, უნდა გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა და დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. "მე ვფიქრობ, სახელმწიფო ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ გამოწვევებს რეალური ქმედებებით უპასუხონ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად რჩება სოციალური ფონის გაუმჯობესება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, წელს აპრილსა და სექტემბერში გაიზარდა პენსიები, ასევე გაიზარდა შემწეობები.

მისივე ინფორმაციით, 2014 წელს გაიზრდება ლტოლვილთა შემწეობა და პირველი იანვრიდან დაიწყება ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის 500 ლარიანი დახმარების გაცემა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და განათლება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტი მომავალი წლიდან ასევე ითვალისწინებს მოსამართლეთა ხელფასების ზრდას.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება ერთი სერიოზული ფაქტორია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

კომენტარები