2014 წლის ბიუჯეტი

ხადური: ნაციონალური მოძრაობის დანგრეულ ქვეყანას ჩვენ ვაშენებთ

financial.ge

ნაციონალური მოძრაობის დანგრეულ ქვეყანას ჩვენ ვაშენებთ, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურმა, რომელიც ქვეყნის შიდა ვალთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

ხადურის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ჯობია თავის ვალებს მიხედოს, რომელიც, მისი თქმით, ტყუილად და უაზროდ აიღეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ვალებს მიხედოს, რომელიც აიღეს - 500 მილიონი დოლარი, სრულიად უტვინოდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რომ ჩამოიტანეს 500 მილიონი დოლარი, მერე კითხულობდნენ სად დავხარჯოთ ეს ფულიო, თავის თავს მიხედონ და თავის დანგრეულ ქვეყანას, რომელსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით არაერთხელ გამოხატა კრიტიკული მოსაზრება. ჯაფარიძის თქმით, ერთი წლის წინ პარტია აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, პრობლემები თავს იჩენდა ეკონომიკაში და ბიუჯეტშიც.

"ბიუჯეტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ძალიან დიდი მოცულობის ვალი, რომელსაც იღებს სახელმწიფო და რომლის გასტუმრებაც მოუწევს მომავალ თაობებს. ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობა, რომელმაც 1 წელიწადში გახარჯა ბიუჯეტში არსებული 1-მილიარდიანი უსაფრთხოების ბალიში, დაგვაკარგვინა დაახლოებით 1.5 მილიარდი ეკონომიკაში, გაერღვა ბიუჯეტი 1 მილიარდამდე და მომავალ წელს აპირებს 2 მილიარდამდე ახალი ვალის აღებას, არ იმსახურებს ჩვენს ნდობას. მთავრობა, რომელმაც მოახერხა ეკონომიკური ზრდის 3-ჯერ შემცირება, რომელმაც შეაჩერა ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მუშაობს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე წინა მთავრობა, ხელფასებს არ უნდა იზრდიდეს მომავალ წელს 137 მილიონით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი არც ამ მთავრობის შემადგენლობას და არც ამ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები