საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: რუსეთთან წინაგადადგმული ნაბიჯები ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან დაწყებულმა პირდაპირმა დიალოგმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილი აქვს "რთული, დელიკატური" პრობლემები მოაგვაროს რუსეთთან.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია და მავთულხლართის გაბმა ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე იწვევს სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველო–რუსეთს შორის გასულ წელს დაწყებულმა პირდაპირმა დიალოგმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. ჩვენი სურვილია, ეს დიალოგი გაგრძელდეს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივუახლოვდეთ რთული, დელიკატური პრობლემების მოგვარებას.

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა ჰუმანიტარულ ურთიერთობათა ხელშეწყობის თვალსაზრისით. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.

თქვენთვის ცნობილია ჩვენი მთავრობის მოქმედება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა კვლავაც მშვიდობიანი იქნება. ამავე დროს, არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მუდმივი ჩართულობა და მხარდაჭერა ყველა ჩვენი ძალისხმევის აუცილებელი კომპონენტია და ამ თვალსაზრისით არც 2014 წელი იქნება გამონაკლისი", - განაცხადა ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას.

კომენტარები