ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

პეტრიაშვილი: ასოცირების შეთანხმებას ხელს, ყველაზე გვიან, სექტემბერში მოვაწერთ

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ არაუგვიანეს 2014 წლის სექტემბრისა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერება. მისივე თქმით, რამდენიმე თვეში შეთანხმების უდიდესი ნაწილი ძალაში შევა. მან საზოგადოებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მიულოცა და აღნიშნა, რომ "ეს არის იმ ისტორიული პროცესის დასაწყისი, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე". 

ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარებები ვერანაირად ვერ გახდება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ხელისშემშლელი ფაქტორი. მისივე თქმით, თუ ყოფილი ან მოქმედი სახელმწიფო მოხელეების მიმართ შეკითხვები არსებობს, მათ აქვთ ვალდებულება, რომ პასუხი გასცენ.

"მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე განსაკუთრებულს და საგანგაშოს. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, რაც ასე არ არის. მე მართლა მინდა მოვისმინო პასუხი შეკითხვაზე, იყო თუ არა ერთი კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დახარჯული სახელმწიფო თანხები. ამას პასუხი უნდა გაეცეს", - თქვა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. საუბარია 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც პროკურატურის განცხადებით, არა თბილისის განვითარებას, არამედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოხმარდა.

თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ ბრალდების წარდგენას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც გამოეხმაურა.

"ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ყველა თომას ჰამარბერგის სიტყვებს ციტირებს. იქ ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ შერჩევითი სამართალის იდეასთან დაკავშირებით, მცირედი ეჭვიც კი არ უნდა არსებობდეს. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება, არ დაუშვათ არაფერი მსგავსი", - აცხადებს დიმიტროვი.

კომენტარები