სახელმწიფო შესყიდვები

6 ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული 343 500-ლარიანი 5 ტენდერი შეწყვეტილია

Kia Sorento

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 5 ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული 4 ტენდერი ერთ დღეს, ერთი და იგივე საფუძვლით შეწყვიტა. მუნიციპალიტეტი მზად იყო ახალ ავტომობილებში 270 000 ლარი გადაეხადა. 

"სატენდერო კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ შესყიდვის საჭიროების დღის წესრიგიდან მოხსნის გამო, შეწყდეს მანქანის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერი" - ეს არის მიზეზი, რაც 19 დეკემბერს ოთხივე ტენდერის გაუქმების ოქმებში წერია. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ ოთხივე ტენდერთან დაკავშირებით ერთხმად მიიღო.

აღნიშნულ ფაქტამდე, 18 დეკემბერს, ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად ტოიოტა ცენტრი თბილისი იყო გამოვლენილი და ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო, გააუქმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. უწყებას 1 ჯიპის ტიპის ავტომობილის შეძენა 73 500 ლარად ჰქონდა განზრახული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 5 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთ ავტომობილს უნდა ჰქონოდა სიჩქარის გადაცემის 6-საფეხურიანი კოლოფი (ტიპტრონიკი), მოქრომული სახელურები, ტყავის და ხის საჭე, მძღოლის ელ. სავარძელი წელის საყრდენის ელ. რეგულირებით, 2-ზონიანი კლიმატკონტროლი, ღილაკზე დაქოქვის სისტემა და ა.შ.

შესაძენი ავტომობილის მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა Kia Motors-ის ვებგვერდზე განთავსებული ავტომობილის, Kia Sorento-ს 2013 წლის მოდელის მონაცემებს, რომელიც 28 400$ ღირს. სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული შესასყიდი ავტომობილის მონაცემები სწორედ Kia-ს ვებგვერდიდან იყო ამობეჭდილი, რადგან დოკუმენტაციას თან ავტომწარმოებლის ლოგო ახლდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მზად იყო 5 ავტომობილში 270 000 ლარი გადაეხდა, თუმცა, მუნიციპალიტეტის გეგმები რამდენიმე დღეში შეცვალა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გააკრიტიკეს ახალი ავტომობილის 83 300 ლარად შეძენის სურვილის გამო, რის შემდეგაც ბერიძემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გააფორმა.

კომენტარები