რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

კარასინი: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის საკითხებს 2014-ის იანვრიდან განვიხილავთ

გრიგორი კარასინი

რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა 2014 წლის დასაწყისში დაიწყება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძეს შორის. ინფორმაციას კარასინზე დაყრდნობით რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ავრცელებს.

გრეგორი კარასინის განცხადებამდე, სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე დღეს, 19 დეკემბერს, განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა.

"მიმაჩნია, რომ შეგვიძლია უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე წავიდეთ. ამის შესახებ ექსპერტების დონეზე კარგად უნდა ვიმსჯელოთ. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინის აღნიშნული განცხადების შემდეგ კარასინმა სააგენტო РИА Новости-ის განუცხადა, რომ მასსა და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრებზე აკრძალული თემები არ არის.

"ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე განვიხილავთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენი შეხვედრა მომდევნო წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ პრობლემებს, რომელიც დარჩა და იმ შედეგსაც, რომელსაც მივაღწიეთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენ უკვე საკმარისად გავამარტივეთ სავიზო მიმოსვლა", - განუცხადა გრეგორი კარასინმა РИА Новости-ის.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი 2000 წელს დაუწესა და ამის მიზეზად პანკისის ხეობიდან ტერორისტთა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის საფრთხე დაასახელა.

საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა 2012 წელს.

კომენტარები