ელექტროენერგია

რუსჰიდრო აფხაზეთში ინვესტირებაზე: ახლა საქართველოში ადეკვატური ხელისუფლებაა

ახლა საქართველოში ადეკვატური ხელისუფლებაა. ასე უპასუხა რუსულ კომერსანტს რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია რუსჰიდროს ხელმძღვანელმა ევგენი დოდმა. შეკითხვა ეხებოდა კომპანიის გეგმებს აფხაზეთთან მიმართებაში. კომერსანტის ჟურნალისტის თქმით, კომპანია აფხაზეთში ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების აღდგენითაა დაინტერესებული და ამ მიმართულებით აფხაზეთში გარკვეული კავშირები უკვე დამყარებული აქვს.

"გული მიკვდება, რომ საბჭოთა დროს აშენებული კარგი პროექტები ომის დროს დაინგრა. ჰესის ვარდნილი სავალალო მდგომარეობაშია: არის შენობა, მაგრამ არაა მოწყობილობა, არაა სიმძლავრის გაცემა. ეს კარგი სადგურებია და დანაშაულია, რომ არ აღდგეს ისინი", – აცხადებს ევგენი დოდი. მისი თქმით, აფხაზეთში ახლა "გასაოცარი სიტუაციაა": მომხმარებლისთვის ტარიფი 0.4 რუბლია ერთ კილოვატ საათზე, წარმოებისთვის კი - 0.8 რუბლი, რაც, მისი შეფასებით, ზრდის კოლოსალურ პოტენციალს შეიცავს. მისივე თქმით, "საქართველოსთან შეთანხმებით აფხაზეთს მიაქვს ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიის 40%. თანამშრომლობა ენერგეტიკაში ერთადერთი თემაა, რომელშიც საქართველოს და აფხაზეთს ძლიერი უთანხმოება არ აქვთ... ჰესი შეინარჩუნეს, აი ვარდნილი კი, სამწუხაროდ - არა. და გასაგებია, რომ ამ ჰესების ამუშავება ეფექტური და მომგებიანი საქმეა".

შეგახსენებთ, რომ პირველად რუსჰიდროს წარმომადგენლებს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დავოსში შეხვდა. რუსჰიდროს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რიჟინაშვილი მაშინ ამბობდა, რომ "საკმაოდ წარმატებული შეხვედრა გაიმართა". მიმდინარე წლის აპრილში რუსჰიდროს დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. მათთან შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსჰიდროსთან კონკრეტულ პროექტებზე საუბარი სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ დაიწყება. 

დოდის თქმით, საქართველოში ძირითად ბიზნესს აწარმოებენ მისი კოლეგები ინტერ რაოდან, რუსჰიდრო კი საქართველოში ინვესტირებაზე მაშინ იფიქრებს, თუ "საბაზრო შესაძლებლობები" და "გარე დაფინანსება" იქნება.  

კომენტარები