საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე თქვა, რომ ქართული მხარე დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია, რომელიც უკვე არის ისტორიული რუსეთის ფედერაციასთან.
პრეზიდენტის თქმით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან მიმოსვლის დოკუმენტის ხელმოწერაზე.
„მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველო შეძლებს დააკმაყოფილოს თან ევროპული სტანდარტები იმ შემთხვევაში, თუ იქნება პოლიტიკური ნება, სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის სტანდარტებისთვისაც ეს იყოს მისაღები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ამის მზაობა სამწუხაროდ არ არის", - თქვა მარგველაშვილმა.
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს, თუმცა მხარს უჭერს ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. „ჩვენ მომხრე ვართ, რომ ხალხებს შორის კონტაქტები გაგრძელდეს, თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, რომ გადავიდეთ უვიზო რეჟიმზე", - თქვა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა საგრძნობლად გაამარტივა საქართველოსთან ვიზების გაცემა ჰუმანიტარული კუთხით, კერძოდ, ნათესავების მონახულების, კულტურული ურთიერთობების და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხრით.





