პოლიტიკური პარტიები

უსუფაშვილი: პოლიტიკური პარტიები არ უნდა ქრებოდნენ არენიდან

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან განშორების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები არენიდან არ უნდა ქრებოდნენ. აღნიშნული მან კონფერენციაზე "პოლიტიკური ლანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი" თქვა.

"რა მინდა, დავინახო 2020 წლისთვის - სიამოვნებით დავინახავდი საქართველოში რამდენიმე, ოთხ, ხუთ, ექვს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებაც აქვს და ოპოზიციაში ყოფნისაც. ეს იქნება, ჩემი არით, სერიოზული მიღწევა, სერიოზული სტანდარტი, რომ ხელისუფლებასთან განშორების შემდეგ პოლიტიკური პარტიები ამ თუ იმ მიზეზით არ ქრებოდნენ არენიდან, ეს არის ამოცანა", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები არსებოდნენ.

"მაგალითად, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები, რაც უნდა ქარტეხილები იყოს, კიდევ რამდენიმე ათეული წლები იქნებიან, რადგან მანამდეც იყვნენ, "რესპუბლიკური პარტიის" ჩათვლით. მაგრამ, მე ამ ყოფაზე და ამ ყოფნაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ იმ ყოფაზე და იმ ყოფნაზე, როცა კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები არსებობენ ქვეყანაში და, რომელთაც აქვთ გამოცდილება. უკიდურესად აუცილებელი სკოლაა გამოცდილება იმისთვის, რომ სწორი, დასაბუთებული, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ასევე თქვა, რომ საჭიროა პოლტიკურ პარტიებში ამბიციური ადამიანების თავმოყრა.

"ახლა პარტიის თავმჯდომარე აღარ ვარ, მაგრამ როცა ვიყავი, ხშირად მომისმენია ფრაზა, რომლითაც პარტიის წევრი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ლიდერისადმი - შენ გამო ვარ პარტიაში. ამაზე პასუხი არის მარტივი, თუ ეს ასეა, ძალიან გთხოვ, დატოვე პარტია, რადგან თუ ჩემ გამო ხარ პარტიაში, მაშინ არ უნდა იყო იქ. კი ბატონო, ვიმეგობროთ, ვიქეიფოთ, ფეხბურთზე წავიდეთ, მაგრამ თუ პარტიაში ჩემ გამო ხარ, მაშინ არასწორად ხარ. ჩემ გამო კი არ უნდა იყო, არამედ, რის გამოც მე ვარ პარტიაში, იმის გამო უნდა იყო, იმ ამოცანების, იმ ხედვის გამო, რასაც პარტია წარმოაჩენს. ასე რომ, ჩვენ ამბიციური ადამიანები გვჭირდება პარტიაში და წინა ხაზზე და არა ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ლიდერებს მოგვემსახურონ, რადგან ამაში ხედავენ ქვეყნის სამსახურს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ასევე გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენების შესახებ კომენტირებისას თქვა, "მინდა, ვიხილო საქართველო, სადაც ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლისთვის წაყენებული ბრალი შიგნითაც და გარეთაც, აღიქმება, როგორც მართლმსაჯულების ზეიმი, დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის გადასაწყვეტი საქმე და არა სხვა რაიმე კონტექსტი".

"მე ვისურვებდი, რომ 2020 წელს, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია გააკეთებდა განცხადებას, რომ მისი წარმომადგენელი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ჩვენ ყველას გაგვეღიმებოდა, რას ლაპარაკობს ეს ხალხიო, იმდენად დარწმუნებულები ვიქნებოდით ჩვენს პროკურატურაში, პოლიციაში და სასამართლო სისტემაში, ისევე როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში, რომელიმე პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ საქმე რომ აღიძრას და ბრალი წაუყენონ და მერე ვინმემ უთხრას, ეს პოლიტიკური დევნააო, ისინი გაიღიმებენ. აი, ასეთი საქართველო მინდა 2020 წელს და ამას მივაღწევთ", - თქვა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულის მიღწევას ნდობის მოპოვება სჭირდება. "თავის მხრივ, ეს მოითხოვს დროს, დარწმუნებული ვარ, 2020 წლისთვის ჩვენ ამას მივაღწევთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები