სახელმწიფო შესყიდვები

კალაძე დუმბაძეს: ამდენი სისულელის საუბარს, ჯობს გავჩუმდეთ და საქმე ვაკეთოთ

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოზე აუცილებლად განიხილავენ. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს მურმან დუმბაძის განცხადების კომენტირებისას უთხრა. დუმბაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭო ავთანდილ ბერიძის საკითხს აღარ განიხილავს.

"ბატონი ავთანდილ ბერიძე გახლავთ ქართული ოცნების წევრი. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა და მე, როგორც გენერალურმა მდივანმა, გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ პოლიტსაბჭოზე. მე ვისმენ ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი მურმან დუმბაძის განცხადებებს. ჩემი მეგობრული რჩევა იქნებოდა, რომ ამდენი სისულელეების საუბარს, ჯობს გავჩუმდეთ და საქმე ვაკეთოთ. როდესაც ამდენი პრობლემაა რეგიონებში, ასევე აჭარაში, სადაც დიდთოვლობამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები მიაყენა, ჯობია, ამ მნიშვნელოვან თემებზე ვიმსჯელოთ და არა იმაზე, თუ რა ავტომობილებით უნდა გადაადგილდებოდნენ, 2014 წლის ჯიპებით, თუ - 2015-ის. ეს უბრალოდ მომავლის ამბავია. ჩვენი მითითებები არ უნდა სჭირდებოდეთ ამ ადამიანებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვიცესპიკერმა მურმან დუმბაძემ გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირებით პარტიული სხდომა აღარ გაიმართება. მისი თქმით, უნდა იყიდოს თუ არა აჭარის უმაღლესმა საბჭომ ძვირადღირებული მანქანა, სხვა საკითხია, თუმცა ბერიძეს სამართლებრივად არაფერი დაურღვევია. დუმბაძის განცხადებით, ბერიძემ იქამდე გადაწყვიტა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიდრე კახა კალაძე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებდა.

"მაინც რა საკითხი უნდა განიხილოს პოლიტსაბჭომ? რატომ მიიღო ამგვარი ბიუჯეტი 2012 წლის აჭარის უზენაესმა საბჭომ? პოლიტიკურ პარტიას აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე ზედამხედველობის არავითარი უფლება არა აქვს. თუ კალაძე ფიქრობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აკონტროლოს, ასე სახელმწიფო ვერ შეიქმნება. ისე, სჯობს, ერთი გუნდის წევრები მესამე პირებისა და შუამავლების გარეშე ელაპარაკონ ერთმანეთს. ერთ ამბავს გაგიმხელთ: კახა კალაძე და ავთანდილ ბერიძე ერთმანეთს შეხვდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პარტიული სხდომა აღარ გაიმართება", - თქვა მურმან დუმბაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 83 300 ლარი იყო. 6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ვიცეპრემიერის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან.

ენერგეტიკის მინისტრს იმავე დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ავთანდილ ბერიძე და განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალი ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

კომენტარები