საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

კომისიამ პირველ ეტაპზე, GPB-ს სამეურვეო საბჭოს წევრობის 35 კანდიდატი შეარჩია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატურების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველ პირთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა დაასრულა. კომისიამ პირველ ეტაპზე, 68 კანდიდატიდან შემდეგი 35 კანდიდატი შეარჩია: დავით ცინცაძე, ქეთევან კინწურაშვილი, ოთარ შაორშაძე, იოსებ სალუქვაძე, მერაბ ქათამაძე, ირაკლი პაპავა, ალექსანდრე ვახტანგოვი, თამარ დეკანოსიძე, ვასილ კაჭარავა, გიორგი ლობჟანიძე, უჩა სეთური, ელისო ჯანაშია, ხათუნა ხაბულიანი, მერაბ ოდიშარია, ნათელა სახოკია, მარინა მუსხელიშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, გენადი გელაძე, გიორგი კოხრეიძე, მიხეილ მირზიაშვილი, ნინო ლომჯარია, თეიმურაზ ქორიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ნინია კაკაბაძე, ჯანა ჯავახიშვილი, ქეთევან მსხილაძე, ზვიად კირტავა, გიორგი აფხაზავა, ირაკლი აბსანძე, ანა ძიაპშიპა, დავით მჭედლიძე, ნუგზარ სუარიძე და იზაბელა ოსიპოვა.

კონცეფციების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეულ მათგანთან ღია შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში შეხვედრები უკვე დაიწყო. დღეს კომისიის წევრები შემდეგ კანდიდატურებს მოუსმენენ: 15:00-15:30 - ალექსანდრე ვახტანგოვს, 15:30-16:00  - დავით ცინცაძეს, 16:00 – 16:30  - გიორგი ლობჟანიძეს, 16:30 – 17:00 - ელისო ჯანაშიას, 17:00 – 17:30 - ნუგზარ სუარიძეს, 17:30 – 18:00  - ნათელა სახოკიას, 18:00 – 18:30 - მერაბ ქათამაძეს, 18:30 – 19:00 - თამარ დეკანოსიძეს.

პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საკონკურსო კომისიის სხდომების პირდაპირი სატლევიზიო ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერით განხორციელდება. საჯარო სხდომების დასრულების შემდეგ, 22 დეკემბერს, საკონკურსო კომისია საბოლოო შედეგს პარლამენტს წარმოუდგენს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან დაკომპლექტდება. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან, ორს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არა ნაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად კონკურსი 28 ნოემბერს გამოცხადდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოსცა.

სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან გახდა - მას შემდეგ, რაც ავთანდილ ანთიძემ საბჭო დატოვა. შედეგად, 15 წევრიან საბჭოში 7 წევრი დარჩა. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებები სრული შემადგენლობის უმრავლესობის [მინიმუმ 8 წევრი] მონაწილეობით მიიღება.

კომენტარები