NDI-ს კვლევა

NDI-ს გამოკითხულთა 45%: ივანიშვილი ჩართული იქნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

NDI-ს მიერ ნოემბერში გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობიდან წასვლა არ მოახდენს დიდ გავლენას, რადგან ის ისევე აქტიურად იქნება ჩართული პოლიტიკისა და მმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.

გამოკითხულთა 14% ფიქრობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ხელს შეუწყობს მრავალპარტიული დემოკრატიისა და სამთავრობო ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას. ასევე 14%-ის აზრით, ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადასვლა წარმოშობს გაურკვევლობასა და არასტაბილურობას ქვეყნის მმართველობასა და კოალიციაში.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სწორედ ზემოაღნიშნული პასუხები შესთავაზა კვლევისას მოსახლეობას შემდეგ კითხვაზე: "ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 24 ნოემბერს ის ოფიციალურად დატოვებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით ყველაზე მეტად".

არცერთი პასუხია მისაღები გამოკითხულთა 4%-სთვის, ყველა - 1%-iსთვის, პასუხი არ აქვს 21%-ს, ხოლო პასუხზე უარი თქვა 1%-მა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები