სახელმწიფო შესყიდვები

5 ახალი ავტომობილი 270 000 ლარად მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის

Kia Sorento

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში 5 ავტომობილის შესაძენად რამდენიმე ტენდერი გამოაცხდა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, ახალ ავტომობილებში 270 000 ლარი გადაიხადოს.

5 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთ ავტომობილს უნდა ჰქონდეს სიჩქარის გადაცემის 6-საფეხურიანი კოლოფი (ტიპტრონიკი), მოქრომული სახელურები, ტყავის და ხის საჭე, მძღოლის ელ. სავარძელი წელის საყრდენის ელ. რეგულირებით, 2-ზონიანი კლიმატკონტროლი, ღილაკზე დაქოქვის სისტემა და ა.შ.

შესაძენი ავტომობილის მონაცემები ზუსტად ემთხვევა Kia Motors-ის ვებგვერდზე განთავსებული ავტომობილის, Kia Sorento-ს 2013 წლის მოდელის მონაცემებს, რომელიც 28 400$ ღირს. სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული შესასყიდი ავტომობილის მონაცემები სწორედ Kia-ს ვებგვერდიდანაა ამობეჭდილი, რადგან დოკუმენტაციას თან ავტომწარმოებლის ლოგო ახლავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტს ტენდერები გამოცხადებული აქვს 5 და 13 დეკემბერს, შესასყიდი ავტომობილების ღირებულება 45 000-55 000 ლარს შორის მერყეობს, ჯამური ღირებულება კი 270 000 ლარია.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ის კომპანია იქნება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გააკრიტიკეს ახალი ავტომობილის 83 300 ლარად შეძენის სურვილის გამო, რის შემდეგაც ბერიძემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გააფორმა.

კომენტარები