იუსტიციის სახლი

სარჯველაძე: იუსტიციის სახლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "იუსტიციის სახლის შენობის უსაფრთხოებაზე ვერცერთი სპეციალისტი პასუხისმგებლობას ვერ იღებს".

სარჯველაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ყველა კომისიის გამოყენება იმ მიზნით, რომ პრობლემების დიაგნოსტირება მოხდეს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთული მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა გარანტირებულად იმის თქმა, რომ პრობლემა გამორიცხულია და უსაფრთხოების პრობლემა არ არსებობს.

სარჯველაძემ ასევე აღნიშნა,რომ ვერანაირ რისკს გამართლება ვერ ექნება, იმდენად, რამდენადაც საპირწონედ შეიძლება დაყენებული იყოს ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

"აქედან გამომდინარე, ასეთ ვითარებაში, როდესაც იოტისოდენა რისკიც კი არსებობს, რომ მოქალაქის ან ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობას შეიძლება რაიმე საფრთხე შეექმნას, ასეთ პირობებში რაიმე გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. სანამ დარწმუნებით არ შეგვეძლება იმის თქმა, რომ იუსტიციის სახლში საფრთხე არის მინიმუმზე დაყვანილი და გამორიცხული, ამ შენობის ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული", - აღნიშნა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, ექსპერტებმა დადეს დასკვნა, სადაც საუბარია მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელიც შენობის გადახურვას უკავშირდება. ამასთან, სარჯველაძის ინფორმაციით, ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ შენობის ექსპლოატაციასა და მშენებლობაში იყვნენ ჩართულები, აცხადებენ, რომ ვერცერთი მათგანი შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

"დღეისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ შენობას პრობლემები აქვს და ეს ასახულია იტალიური კომპანიის წერილშიც. ჩამოსულები იყვნენ იტალიელი სპეციალისტები, რომლებმაც გარკვეული დეფექტები გამოავლინეს. უსაფრთხოებაზე ვერცერთი სპეციალისტი ჯერჯერობით პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებს", - თქვა სარჯველაძემ.

კომენტარები