დაპირისპირება პარლამენტში

ჯაჭვლიანი: ყველაზე დიდი მანდატი, რომელიც მაქვს, არის ამირან ჯაჭვლიანის შვილობა

reportiori.ge

ქართული ოცნების წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა: "მე პირობას ვდებ, რომ თუ გიორგი ბარამიძე აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გამართლდება, მას ბოდიშს მოვუხდი". ჯაჭვლიანმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბის გამო საზოგადოებას და კოლეგებს ბოდიში მოუხადა.

"ადამიანი, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი და პარლამენტის ტრიბუნიდან გვესაუბრება როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით უკრაინას, როდესაც ამას ლაპარაკობს ადამიანი, რომელმაც თავისი კარიერა ეკლესიების დანგრევით დაიწყო - სამარცხვინოა. ბარამიძესთან და ნებისმიერ სხვა დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, უბრალოდ, ეს ყველაფერი დროში იწელება. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სიმართლეზე ჯვარი აქვს დაწერილი და ეს სიმართლე აუცილებლად გამოვლინდება", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანის აზრით, ქართულმა ოცნებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც იმ კვოტაზე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის ვიცესპიკერის თანამდებობაზე ჰქონდა, გიორგი ბარამიძის დანიშვნას დაუჭირა მხარი.

"ყველაზე დიდი მანდატი, რომელიც მე მაქვს, არის ამირან ჯაჭვლიანის შვილობა. ბარამიძეს ასობით ადამიანი დებს ბრალს აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით და აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. მე პირობას ვდებ, რომ თუ ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძე გამართლდება, ბოდიშს მოვუხდი", - თქვა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის მიმართვამ გიორგი ბარამიძის მისამართით "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გამოიწვია.

კომენტარები