არჩილ ხაბაძის განცხადება

ხაბაძე: ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ თითოეული მოქალაქის წინაშე

არჩილ ხაბაძე
facebook.com

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხმაურება. ამის შესახებ ის განცხადებას ავრცელებს.

”სურვილი მაქვს, გამოვეხმაურო ბოლო დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გარშემო შექმნილ სიტუაციას. ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის გუნდის წევრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, დამოკიდებულება ფუფნების საგნების შეძენასთან დაკავშირებით და ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობის განსაზღვრის საკითხზე, საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს მთავრობის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობით. კერძოდ, არ მომხდარა პირადად ჩემი ავტო სატრანსპორტო საშუალებების განახლება. ასევე აპარატმა მიმდინარე პერიოდში წარმომადგენლობით ხარჯვით ნაწილში 900 ათასი ლარი დაზოგა, რომლის მიმართვაც იგეგმება სოციალურ სფეროში.

რაც შეეხება მ. დუმბაძის მკვეთრ განცხადებას ავტონომიური რესპუბლიკის საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე -კატეგორიულად არ ვეთანხმები. აღნიშნული კონტექსტი არანაირ კავშირში არ არის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობასთან. ჩვენ ყველამ კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვების შედეგად დავიკავეთ აღნიშნული თანამდებობები. ა. ბერიძეც გახლავთ კოალიციის წევრი. შესაბამისად, პოლიტსაბჭოს სრული უფლებამოსილება აქვს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მისი პარტიის წევრის ქმედება პარტიის პოლიტიკას.

მინდა, შევახსენო ყველას, რომ ხალხის მიერ არჩეული ნებისმიერი თანამდებობის პირი გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საზოგადოების აზრს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. თუმცა, ეს ხელს არ უნდა უშლიდეს მას თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას.

მე, როგორც რეგიონის ხელმძღვანელს, არასოდეს მიგრძვნია სამართლებრივი, ან სხვა რაიმე ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საქმიანობაში, კომპეტენციიასა და უფლებამოსილებაში ცენტრალური ხელისუფლებიდან უხეში ჩარევა. თუ, რა თქმა უნდა, ადგილობრივთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერას ჩარევად არ განიხილავენ .

მინდა, შევახსენო ყველას, რომ ჩვენ, როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდის წევრები და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ანგარიშვალდებულნი ვართ არა მარტო იმ პოლიტიკური ძალის წინაშე, რომლის სახესაც წარმოვადგენთ, არამედ იმ თითოეული მოქალაქის წინაშე, ვინც ქვეყნის მართვის სადავეები ჩაგვაბარა. ამიტომაც ჩვენი ყოველი ქმედების ამოსავალი წერტილი საქართველოში მცხოვრები ადამიანთა ინტერესებს უნდა ემყარებოდეს.: - წერია ხაბაძის განცხადებაში.

კომენტარები