სახელმწიფო შესყიდვები

ბერიძე: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გავაფორმებთ

adjaraps.com

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ახალი ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს. როგორც ბერიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს.

"ახალი ავტომობილის შესყიდვის საკითხს საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და მე გავითვალისწინე საზოგადოების აზრი", - აცხადებს ავთანდილ ბერიძე და აღნიშნავს, რომ ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდება, მწყობრიდან არის გამოსული.

"გუშინ ქედის მუნიციპალიტეტში გავემგზავრე, თუმცა ავტომობილის გაუმართაობის გამო, გზიდან დაბრუნება მომიხდა. ამასთან, უმაღლეს საბჭოში შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია და აღნიშნული სამსახურები საჭიროებენ ავტომობილით გადაადგილებას", - ამბობს ბერიძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მზად არის, აღნიშნულ საკითხზე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე განმარტებები გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 83 300 ლარი იყო.

6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 6 დეკემბერს ჯიპის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე ტოიოტა ცენტრი თბილისი გამოავლინა.

ამის დამადასტურებელი წერილი ტოიოტა ცენტრი თბილისის დირექტორს ირაკლი გურჩიანს აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა რამაზ ბოლქვაძემ 12 დეკემბერს მიწერა.

"გაცნობებთ, რომ ერთიე რთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის-ჯიპის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ 2013 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, თქვენს მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტოიოტა ცენტრი თბილისი გამოვლინდა გამარჯვებულად", - წერია რამაზ ბოლქვაძის მიერ ტოიოტა ცენტრი თბილისის დირექტორისთვის გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო მოხელე კომპანიას ხელშეკრულების გასაფორმებლად აჭარის უმაღლეს საბჭოში 19 დეკემბერს, 15 საათზე იწვევდა.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ვიცეპრემიერის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.

ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც, კალაძის აზრით, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

კომენტარები