სახელმწიფო შესყიდვები

ინფორმაცია ავტომობილის შესყიდვის ტენდერის გაუქმებაზე, სიცრუეა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ტენდერი, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ყველგანმავალი ჯიპის შესყიდვას აპირებდა 83 300 ლარად, გაუქმებულია. როგორც დუმბაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, ტენდერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება თავად ავთანდილ ბერიძემ მიიღო. თუმცა, დუმბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ავთანდილ ბერიძემ გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი და მანქანა ტენდერიდან მოხსნილია, ტენდერი აღარ გაიმართება. აღნიშნულის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მცირე ფინანსური ზარალი ექნება – ანუ გარკვეული საჯარიმო სანქცია დაეკისრება, მაგრამ ამას პირადი სახსრებით დაფარავს", - განაცხადა მურმან დუმბაძემ და აღნიშნა, რომ ავთანდილ ბერიძეს ავტომანქანის გამოცვლა უსაფრთხოების სამსახურმა ურჩია.

"ავთანდილ ბერიძემ დამირეკა და მითხრა, რომ უსაფრთხოების სამსახური ავტომანქანის გამოცვლის რჩევას აძლევს და ამასთან დაკავშირებით აზრი მკითხა. მე ვუთხარი, რომ უსაფრთხოების სამსახურის რჩევას უნდა დამორჩილებოდა. მან სწორედ ამის შემდეგ მიიღო ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება", - დასძინა დუმბაძემ.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 6 დეკემბერს ჯიპის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე ტოიოტა ცენტრი თბილისი გამოავლინა.

ამის დამადასტურებელი წერილი ტოიოტა ცენტრი თბილისის დირექტორს ირაკლი გურჩიანს აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა რამაზ ბოლქვაძემ 12 დეკემბერს მიწერა.

"გაცნობებთ, რომ ერთიე რთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის-ჯიპის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ  2013 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, თქვენს მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტოიოტა ცენტრი თბილისი გამოვლინდა გამარჯვებულად", - წერია რამაზ ბოლქვაძის მიერ ტოიოტა ცენტრი თბილისის დირექტორისთვის გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო მოხელე კომპანიას ხელშეკრულების გასაფორმებლად აჭარის უმაღლეს საბჭოში 19 დეკემბერს, 15 საათზე იწვევს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2013 წელს გამოშვებული (2014 წლის მოდელი) ყველგანმავალი, ჯიპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 83 300 ლარი იყო.

6 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ვიცეპრემიერის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ავთანდილ ბერიძე საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს.

ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავს უნდა იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც, კალაძის აზრით, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.

თავად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს და ვიცეპრემიერის განცხადებას გამოეხმაურება.

კომენტარები