თანამეგობრობის თასი

სფფ: რუსების მიწვევის მიუხედავად, ნაკრები თანამეგობრობის თასზე არ წავა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ნიკოლაი ტოლსტიხისგან ოფიციალური წერილი მიიღო. რუსულმა მხარემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები (1993 წელს დაბადებულები და ზემოთ) საფეხბურთო ტურნირზე - თანამეგობრობის თასზე დაპატიჟა.

ტურნირი ყოველი წლის იანვარში რუსეთში იმართება და მასში ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები მონაწილეობენ.

წელს ტურნირში რუსეთის, ესტონეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, თურქმენეთის, მოლდოვის, ლატვიისა და ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ქართველი ახალგაზრდები რუსეთში არ გაემგზავრებიან. 

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამ საკითხზე მწვრთნელებთან ერთად იმსჯელა და გადაწყდა, რომ ამ გათამაშებაზე ნაკრები ვერ გაემგზავრება. საუბარი იყო ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებზე, რომელსაც მაისში ელიტრაუნდი აქვს სათამაშო და ასეთი მასშტაბური ტურნირი გუნდს წაადგებოდა. თუმცა, ამ ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა უმაღლესი ლიგის კლუბების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და იანვრის ბოლოს, მაშინ, როცა "თანამეგობრობის თასი" ტარდება, ყველა ეს კლუბი საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. 5 მარტამდე კი, ფიფა-უეფას ოფიციალური სათამაშო დღეები არ არის და აქედან გამომდინარე, კლუბები თავის ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოუშვებენ. შესაბამისად, ის მიზანი, რაც ამ ტურნირზე მონაწილეობას უნდა ჰქონოდა, ვერ შესრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები