დაპირისპირება პარლამენტში

ენმ უსუფაშვილს და ღარიბაშვილს გუშინდელ ინციდენტზე მკაცრ რეაგირებას სთხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს. პარტიის განცხადებით, 11 დეკემბრის სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების წევრის სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მძიმე პროვოკაციას. ნაციონალური მოძრაობა უსუფაშვილს სთხოვს ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ ინციდენტის ფორმას და პარლამენტარის საქციელს, არამედ მის შინაარსს.

"გარდა უშუალოდ კოლეგის შეურაცხყოფისა, ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ინსტიტუტების, რომლებიც წლების განმავლობაში ინტენსიურად ებრძოდნენ კრიმინალურ სამყაროს და საზოგადოების დასაცავად, მრავალი ურთულესი მოქმედება განახორციელეს მთელ საქართველოში და მათ შორის სვანეთში. შემაშფოთებელია, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ჯაჭვლიანი ღიად იცავდა კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციას. მეტიც, ის მათი სახელით საუბრობდა შურისძიებაზე არა მხოლოდ ყოფილი შს მინისტრის და მისი ოჯახის, არამედ მთლიანად ოპოზიციური ძალის მიმართ. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ამით საქართველოს პარლამენტის წევრი დაუფარავად შეუერთდა მუქარას, რომელიც ყოფილი შს მინისტრის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამთ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ ამავე გამოსვლაში იყო კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირი მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

"სახელმწიფო ლეგიტიმურ ბრძოლას აწარმოებს კრიმინალთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იაფფასიანი კუთხური მოტივებით სპეკულაცია გარდა სრულიად უღირსი საქციელისა, საზიანოა ქვეყნისათვის. ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის გადამწყვეტ ფაზაში, რუსეთი ცდილობს ნებისმიერი მეთოდით შეაჩეროს თავისუფალი ერების სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რისი მკაფიო დადასტურებაც არის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. მომავალშიც ცალსახად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მეთოდების გამოყენება, რათა საქართველომ უარი თქვას ევროპულ არჩევანზე. ამ ფონზე თითოეული პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ განცხადებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური, ეთნიკურ თუ კუთხური დაპირისპირება. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ამ პროცესზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და საქართველოს პრემიერმინისტრს, როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, გთხოვთ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და განხორციელებულ პროვოკაციაზე მოახდინოთ ადეკვატური და დროული რეაგირება", - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის მიმართვამ გიორგი ბარამიძის მისამართით - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გამოიწვია. ამის შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მომხდარი უმრავლესობის მხრიდან პოლიტიკურად ჭკვიანური საქციელი არ არის, რადგან უმცირესობის წევრებს საბაბი მისცეს, ბიუჯეტის განხილვა დაეტოვებინათ. მისივე განცხადებით, ქართველ ხალხს დეპუტატები ამ ტიპის ინციდენტებისთვის არ აურჩევია. 

კომენტარები