დაპირისპირება პარლამენტში

ბარამიძე: გუშინდელზე უსუფაშვილისგან ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას ველოდებით

timer.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პარტია დავით უსუფაშვილისგან "ადეკვატურ მკაცრ რეაგირებას" ელოდება. მისი თქმით, რაც გუშინ მოხდა, პროვოკაციაა.

"ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას ველოდებით. სანქციის ფორმა თავად უსუფაშვილმა უნდა მოძებნოს, ჩვენ მას არ ვუკარნახებთ რა უნდა გააკეთოს, ის ძალიან კარგი იურისტია", - თქვა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, ქართული ოცნება გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ ნაციონალური მოძრაობა უკრაინის თემაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში მწარედ ცდებიან, როდესაც ჩვენთვის ადგილის მიჩენაზე საუბრობენ. ჩვენ, ჩვენი ადგილი კარგად ვიცით. ოპოზიციაში ყოფნა ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა. კრიმინალებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი", - აღნიშნა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუკი აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მაშინ დაიწყონ გამოძიება. ბარამიძე მზადაა, ყველა შეკითხვას უპასუხოს.

"ჯაჭვლიანის გუშინდელი გამოსვლა შუღლის გაღვივების მცდელობას შეიცავდა. ის რომ სვანებს ერჩიან, ეს არაფერ შუაში არ იყო. გამოსვლა შეიძლება შეფასდეს უზნეო და სახიფათო საქციელად", - თქვა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშიმ პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის მიმართვამ გიორგი ბარამიძის მისამართით "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გამოიწვია.

 

კომენტარები