პირველი ლედი

პირადი და საჯარო სფეროების შესახებ

ანუ რა არის ჩვენი საქმე და რა – არა

ვიმსჯელოთ თუ არ ვიმსჯელოთ

ოჯახი, პირადი ცხოვრება ინტიმური სფეროა, რომელშიც უცხო ხალხმა ხელი არ უნდა აფათუროს. მით უმეტეს, დაუშვებელია მათი პოლიტიზაცია. ამასაც საკამათოდ ხომ არ გავხდით? რატომაც არა. ამ სტატიაში სწორედ ამას ვაპირებ. როცა საქმე პოლიტიკური ლიდერების ოჯახებს და პირად ცხოვრებას ეხება, საზოგადოებრივი ინტერესი სრულიად ლეგიტიმურია. რა თქმა უნდა, გარკვეულ საზღვრებში: ზრდილობაზე, გემოვნებაზე და იუმორის გრძნობაზე ხელი არ უნდა ავიღოთ.

ჩვენში ეს თემა ორმა კონკრეტულმა ვითარებამ გააქტუალურა. ერთი უკავშირდება ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეგობარს თუ პარტნიორს, მაგრამ არა ოფიციალურ მეუღლეს, მაკა ჩიჩუას. ხომ არ შეუშლის მას ფორმალურ (საეკლესიო თუ სამოქალაქო) ქორწინებაში არყოფნა, ჩვენი სრულფასოვანი „პირველი ლედი" იყოს?

მეორე მხრივ, მოსკოვში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ გამოიძია ფაქტი, რომლის თანახმადაც ჩვენს ახლადწასულ (თუმცა, ამავე დროს, რაღაცნაირად ახალმოსულ) პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რამდენიმე წლის მანძილზე მაინც, ორი ცოლი ჰყოლია. მალე ჩვენთვის კარგად ცნობილ ეკა ხვედელიძესთან ქორწინების შემდეგ, მას პარიზში ქორწინება გაუფორმებია ვინმე ინგა პავლოვასთან. ამის დასტურად ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ივანიშვილის და პავლოვას ქორწინების სერტიფიკატი და ყოფილი მეუღლის, პავლოვას, ინტერვიუ, რაც მის კვლევას საკმაოდ სარწმუნოს ხდის.

ეს ორი ძალიან განსხვავებული თემაა. ბევრი, ალბათ, შემეკამათება, რატომ დავაყენე ისინი ერთმანეთის გვერდზე. თუმცა, მათ ერთი საერთო ნიშანი აქვთ: პირადის და საჯაროს, პირადის და პოლიტიკურის გადაკვეთაზე გავყავართ.

Bidzina Ivanishvili and Ekaterine Khvedelidze
მე იმან კი არ გამაკვირვა, რომ ამ თემებით ვიღაც დაინტერესდა, არამედ იმან, რომ ყურადღება არც ისე დიდია. მეტიც: გაცილებით უფრო ხშირად მესმოდა პროტესტი თვით ამ ყურადღების და განხილვის წინააღმდეგ. სტანდარტული პასუხი იყო: მერე რა, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, რატომ ვერევით მათ პირად ცხოვრებაში? ან, როგორც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავიკითხე, რატომ ვუძვრებით ტრუსიკში პრემიერმინისტრს?

ამგვარი პროტესტი პოლიტიკურად სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა. მაკა ჩიჩუას თემის ტაბუირებას უფრო ისინი ცდილობდნენ, ვინც ნაციონალური მოძრაობის მიმართ სიმპათიებშია შემჩნეული. მათი აზრით, იმის ხაზგასმა, რომ მაკა ჩიჩუა „ნაშაა" და არა ცოლი, და მის სამსახიობო კარიერასთან დაკავშირებული თამამი ფოტოების და ვიდეოების სოციალურ ქსელებში ტრიალი, მისი, როგორც „პირველი ლედის", სტატუსის დამცრობის მიზნით, „ნაციონალებს" „ქოცების" დონემდე დაამდაბლებდა. ისინი „თავისიანებს" აჩერებდნენ: „ქოცებივით ნუ მოვიქცევით, ხალხო". მაღალი ზნეობრივი სტანდარტების უკომპრომისო დამცველი „შუაშისტებიც" ჩასაფრებულები იყვნენ „ნაცების" დასაცინად, მათ რომ ჩიჩუას თემა აეტაცებინათ. რაც შეეხება ივანიშვილის ორცოლიანობას, ამ თემის წამოწევას ძირითადად მისივე მომხრეები და, ნაწილობრივ, იგივე „შუაშისტები" აპროტესტებდნენ.

რაღაცნაირი, ძალიან უცნაური საზოგადოებრივი კონსენსუსი გამოვიდა. თან გვაინტერესებს ზემოთ აღწერილი თემები, თან რაღაცნაირად „გვიტყდება", რომ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ამაზე საუბარი „ბანძობაა", ეს „ყვითელი" ანუ მდარე გემოვნებაზე გათვლილი პრესის საქმეა. თუ მაინც ვახსენებთ მათ, მხოლოდ ირონიით, იმის მინიშნებით, რომ ეს ყველაფერი მართლა კი არ გვაინტერესებს, ისე, რა, ვერთობით.

ჩემი აზრით, ორივე ზემოთ ნახსენები შემთხვევა იმსახურებს სერიოზულ, პირზეხელაფარებული ხითხითის გარეშე მსჯელობას. ერთ-ერთი ნიშანი, რაც მოდერნულ საზოგადოებას ტრადიციულისგან თუ ფეოდალურისგან გამოარჩევს, არის საჯარო სფეროს არსებობა, რისგანაც გამიჯნულია კერძო, პრივატული ცხოვრება. ჩვენში ეს გამიჯვნა მხოლოდ ახლა ყალიბდება; საბჭოთა პერიოდში ეს ცნებები ვითომ არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ვითომ, რადგან კერძოს ავტონომიას არც გაბატონებული იდეოლოგია ცნობდა და არც სოციალური პრაქტიკა. საზოგადოება გარეგნულად მოდერნულს ჰგავდა, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით ფეოდალურს უფრო უახლოვდებოდა. საჯარო სფეროს ჩამოუყალიბებლობა ბადებს ერთგვარ კომპლექსს, რის გამოც თუნდაც „პირველი ლედის" თემაზე სერიოზული საუბარი გვეჩოთირება.
საკითხის სირთულეს განაპირობებს პარადოქსი: თუმცა თანამედროვე ცნობიერება მოითხოვს მეტ-ნაკლებად მკვეთრი ზღვარის გავლებას პირადსა და საჯაროს შორის, ის, თუ კონკრეტულად სად გადის ეს ზღვარი, როგორ და რამდენად უნდა იყოს დაცული პირადის ავტონომიურობა, მუდმივი დისკუსიის საგანია. მიჯნა ამ დისკუსიაში დგინდება. მას არც ჩვენ უნდა შევუშინდეთ.

ახლა ორ ზემოთ ნახსენებ მაგალითს დავუბრუნდები.

პირველი ლედი

ვინაა „პირველი ლედი" და რატომაა მნიშვნელოვანი მისი ვინაობა? თანამედროვე ერი არ არის ინდივიდების მხოლოდ რაციონალური, პრაგმატული გაერთიანება და ასეთად არასოდეს იქცევა. ის, ამავე დროს, სიმბოლური ერთობაა, მას კი წარმომადგენლობა სჭირდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი დღესასწაულები, დროშები, ჰიმნები და ა.შ. მაგრამ წარმომადგენლობის ფუნქცია ვრცელდება ერის ლიდერებზეც.
რაციონალისტური ლიბერალური იდეალი მოითხოვს, პოლიტიკური ლიდერი იყოს მისი უნარების საფუძველზე შერჩეული ინდივიდი, რომელიც ეფექტიანად გაართმევს თავს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს. რა თქმა უნდა. მაგრამ, ამავე დროს, ლიდერს მოეთხოვება, იყოს ერის სახე, მისი სიმბოლური წარმომადგენელი. თანამედროვე პოლიტიკურ სისტემებში ეს ორი ფუნქცია ხანდახან გაყოფილია. კონსტიტუციურ მონარქიებში საამისოდ არსებობს სამეფო ოჯახები. თითქოს უცნაურია, რატომ იღებენ რაციონალური და გაწონასწორებული ბრიტანელები, ჰოლანდიელები თუ შვედები ასე სერიოზულად თავის მეფეებს, დედოფლებს და პრინცესებს, რატომ იქცევა ყოველი სამეფო ქორწილი ან ჩვილის დაბადება დიდ ნიუსად. მაგრამ ასეა. ამ ერებს არ უყვართ თავისი პოლიტიკოსები, მაგრამ უყვართ სამეფო ოჯახები. საპარლამენტო რესპუბლიკებში ანალოგიური ფუნქციის მატარებელია პრეზიდენტი. კონსტიტუციაში მას „სახელმწიფოს მეთაური" ჰქვია, თუმცა, როგორც წესი, სამეთაუროდ დიდი ბერკეტები არა აქვს. მისი ძირითადი საქმეა, სახელმწიფო განასახიეროს.

სწორედ აქ შემოდის „პირველი ლედი". ცხადია, ეს არ არის ფორმალური თანამდებობა. იმავე რაციონალისტური ლოგიკით, მისი ვინაობა სულაც არ უნდა გვაინტერესებდეს. ვისი რა საქმეა, არასამუშაო საათებში ვისთან აქვს სექსი პრეზიდენტს? მაგრამ თუ ცერემონიული პრეზიდენტის მთავარი ფუნქციაა ერის წარმომადგენლობა, პრეზიდენტის ოჯახი ისეთივე სახეა ერისა, როგორც სამეფო ოჯახი, ხოლო პირველი ლედი ერზაც-დედოფალია.

მაინც როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ოჯახი და, კერძოდ, პირველი ლედი? ეს უკვე ერს გააჩნია. არსებობს მეტად და ნაკლებად კონსერვატული კულტურები. ტრადიციულ საზოგადოებაში სექსი მხოლოდ ოჯახის ფარგლებშია მისაღები, ამ საკრალური ინსტიტუტის გარეთ კი „მრუშობად" ითვლება. თუ ქალი ქორწინების გარეშე ცხოვრობს კაცთან, ის „ხარჭა" ან, ჩვენებური ტერმინით, „ნაშაა". შესაბამისად, ის ზეპურ საზოგადოებაში მიღებული „ლედი" ვერ იქნება. უფრო თანამედროვე ცნობიერება, ჩვეულებრივ, მკაცრად არ მოითხოვს, ინტიმური პარტნიორობა ფორმალიზებული იყოს, თუმცა მის სტაბილობას და ერთგულებას აფასებს. ამ შემთხვევაში განსხვავება ოფიციალურ მეუღლესა და სტაბილურ პარტნიორს შორის ნაკლებ მნიშვნელოვანია: საზოგადოება ორივეს თანაბრად სცემს პატივს.

Irakli Garibashvili and Nunuka Tamazashvili
ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ უფრო კონსერვატული ერი თავისი „პირველი ოჯახისგანაც" სათანადო წესით ხელდასხმულ ურთიერთობას მოითხოვს, უფრო ლიბერალური კი ამას ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს. ადასტურებს თუ არა ჩვენი შემთხვევა ამ დაშვებას? ისევე, როგორც მრავალ სხვა სფეროში, პარადოქსი გამოგვივიდა. ზოგადად, ტრადიციულ საზოგადოებად მიგვაჩნია თავი, მაგალითად, ამერიკელებთან შედარებით; კერძოდ, „ქართული ოცნება" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ და რელიგიურ ტრადიციონალიზმს, რათა უფრო მკვეთრად გაემიჯნოს ეროვნული კულტურისა და ეკლესიის მგმობელ „ნაცებს". მიხედავად ამისა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა საზოგადოებას, მისმა მომხრეებმა კი მხარი დაუჭირეს პერსონაჟს, რომელიც თავისი წინასაპრეზიდენტო გარეგნობითაც და ოჯახური ქცევითაც ძნელად ჯდება ტრადიციულ მატრიცაში.

საბოლოოდ, გვაქვს მყარი ფაქტი: ქართველმა ხალხმა პირველი ლედის თანამდებობაზე აირჩია მაკა ჩიჩუა და ამით დაადასტურა, რომ „გერლფრენდის" თუ გაუფორმებელი ინტიმური პარტნიორობის ინსტიტუტი საქართველოში სრულიად ლეგიტიმურია. თუ ეს მისაღებია პრეზიდენტისთვის, მაშასადამე, მისაღებია ყველასთვის. ცხადია, მას ამაზე რეფლექსია არ გაუკეთებია (აი, სად არის საჯარო განხილვის დეფიციტი), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მას მნიშვნელობა აქვს.

შესაძლოა, სწორედ ამ ვითარების ნაგვიანევ გამოსწორებას ცდილობდა აწ უკვე წარმავალი პრემიერი, როცა ალტერნატული „პირველი ოჯახი" და „პირველი ლედი" შემოგვთავაზა მისი მემკვიდრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის სახით. ბევრის თვალში, ამ უკანასკნელთა ტრადიციულობის ხაზგასმა პრემიერის მხრიდან მარგველაშვილ-ჩიჩუას „ბოჰემურ" ღირებულებებზე შენიღბულ თავდასხმად გამოჩნდა. კატეგორიულად ვერ ვამტკიცებ, რომ ბატონ ბიძინას სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში კი ჩაიყენა თავი. საპარლამენტო სისტემებში პრემიერს მართვის ძირითადი სადავეები უპყრია და რეალური პრობლემების გადაწყვეტაც მას მოეთხოვება, მაგრამ სიმბოლური რეპრეზენტაციის ფუნქცია პრეზიდენტისაა. პრემიერის მეუღლეს თვით ბიძინა ივანიშვილიც ვერ მიანიჭებს „პირველი ლედის" სტატუსს.

რას გვასწავლის ეს ისტორია? ნაკლებად ტრადიციულები ვხდებით? შესაძლოა. მაგრამ ჩემი დასკვნა მაინც ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება სინამდვილეში არც ტრადიციულია და არც ლიბერალური, უფრო უმწიფარი და ჩამოუყალიბებელი. ის თავს არიდებს მისთვისვე მნიშვნელოვანი თემების განხილვას და საკითხის გადაწყვეტას მორიგ ბრძენს ანდობს. ტრადიციონალისტებს იმის შნოც კი არა აქვთ, რომ საკუთარი ღირებულებები დაიცვან, თუ ეს ამ წუთში პოლიტიკურად არ აძლევთ ხელს (წარმომიდგენია, როგორ გემოზე „მიჯირყვნიდნენ" ამერიკელი კონსერვატორები ასეთ შემთხვევაში თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს). სოციალური ლიბერალები კი ცალკეულ მორალისტურ შეგონებებს ან სარკასტულ შენიშვნებს ჯერდებიან.

თაღლითობა და მრუშობა

შეადგენს თუ არა პრემიერ ივანიშვილის ორცოლიანობის მხილება მის პირად ცხოვრებაში არამართებულ ჩარევას? ასეთი შეფასება ორი აზრითაა აბსურდული. ჯერ ერთი, ეს ის ივანიშვილია, ვინც მუდმივად ახდენდა თავისი პირადი სფეროს აფიშირებას პოლიტიკური მიზნით: ოჯახური ღირებულებისადმი დემონსტრაციული ერთგულება მისი პიარ-ტექნოლოგიის ნაწილია. ამით ის თავადვე ხსნის საკუთარ პირად ცხოვრებას პოლიტიკურ სპეკულაციებისთვის: სადაც პიარია, იქ კონტრ-პიარიც იქნება, ეს ნიუტონის კანონის პოლიტიკური ვარიაციაა.

გარდა ამისა, მეორე ქორწინების გაფორმებას ვერ შევაფასებთ მხოლოდ ცოლ-ქმრულ ღალატად (ან რა ვიცით, იყო თუ არა ეს ნაბიჯი პირველ მეუღლესთან შეთანხმებული?). ეს არის თაღლითობა, ანუ სამართლებრივად დასჯადი ქმედება და სწორედ ამ ნიშნით უნდა განვიხილოთ.

ამ თემასთან დაკავშირებით Facebook-ზე საინტერესო არგუმენტი ამოვიკითხე: „ივანიშვილზე რომ ბევრს ლაპარაკობთ (იგულისხმება, რომ მისი ორცოლიანობის ხსენება მხოლოდ „ნაციონალებისგან" შეიძლება მოდიოდეს), თქვენს მრუშ პრეზიდენტს მიხედეთ. რით არის უარესი ივანიშვილის თაღლითობა სააკაშვილის მრუშობაზე?".

გავანებოთ თავი ამ ლოგიკის ზოგად მანკიერებას: სააკაშვილის „მრუშობა" რატომ ამართლებს ივანიშვილის თაღლითობას? გარდა ამისა, თუმცა ჭორი ბევრი მომისმენია, ინტიმურ სფეროში პრეზიდენტის ქცევაზე სანდო ინფორმაცია არა მაქვს, ამიტომ მასზე ვერ ვისაუბრებ. აქ თავად საკითხის დაყენებაა მთავარი. თაღლითობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ესე იგი, განსაზღვრების თანახმად, ასეთი ბრალდება მხოლოდ პირად ცხოვრებას აღარ ეხება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მოატყუა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ცოლი, მაგრამ, თუ ჟურნალისტის კვლევა სწორია, მან შეცდომაში შეიყვანა სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, საფრანგეთი). ეს კი ნიშნავს, რომ ის სხვა შემთხვევაშიც შეიძლება წავიდეს თაღლითობაზე სახელმწიფოსთან მიმართებით.

რაც შეეხება ლიდერების სექსუალურ გადაცდენებს, უნდა შევიწყნაროთ თუ არა ისინი? ეს კი კულტურის საკითხია. ამერიკელები, მაგალითად, კონსერვატორ ხალხად ითვლება: აქ პრეზიდენტობის პერსპექტიული კანდიდატის, გერი ჰარტის, კარიერა იმ მომენტში შეწყდა, როცა მისი ცოლ-ქმრული ღალატის ამბავი გახმაურდა. კანონი არაფერ შუაშია: ჰარტმა იცოდა, რომ მოღალატე ქმარს ამერიკელები აღარ აირჩევდნენ. უკვე არჩეულ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს, მრუშობა და მისი დამალვის მცდელობა კინაღამ იმპიჩმენტად დაუჯდა. მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ხშირად დასცინის ამერიკელებს ზედმეტი „პურიტანელობისთვის". ფრანგები ასეთ საკითხებს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ: მაგალითად, მათ კარგად უწყოდნენ დომინიკ სტროს-კანის ლამის პათოლოგიური მიდრეკილება მრუშობისადმი, მაგრამ ეს დიდად არ უშლიდა ხელს მის პოლიტიკურ წარმატებას, სანამ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არ დაბრალდა გაუპატიურება. ბრალდება ყალბი აღმოჩნდა, მაგრამ პოლიტიკური კარიერა მაინც შეიწირა. როგორც შემდეგ სტროს-კანი CNN-ის ჟურნალისტს უხსნიდა, მას იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა პირადი ცხოვრების და საჯარო საქმიანობის გამიჯვნას, მაგრამ შეცდა.

რომ შევაჯამოთ, უმეტეს ქვეყნებში პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, პატიობენ სექსუალურ გადაცდენებს, რადგან ითვლება, რომ მათ პოლიტიკურ ქმედებებზე ამას გავლენა არა აქვს. მით უმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, ქართულმა „მაჩო" კულტურამ ასეთი რამ მამაკაც პოლიტიკოსს არ შეუნდოს: პირიქით, ვაჟკაცობაში უფრო ჩაუთვლის. სამართლიანია ეს თუ არა, ცალკე ვიმსჯელოთ; თუმცა, თუ პოლიტიკოსი ოჯახური ღირებულებების ერთგულებას პიარის ელემენტად აქცევს, მისი სექსუალური გადაცდომების მხილებაც პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმური მეთოდი ხდება.

ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ორცოლიანობის შემთხვევაში მთავარი პრობლემაა ის, რომ მისი მომხრეები თავად ამ ბრალდებას კი არ აყენებენ ეჭვის ქვეშ, არამედ მის უმნიშვნელობას უსვამენ ხაზს: დიდი რამე, ეს ხომ პირადი საკითხია, ამაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ. ანუ ვერ გავრკვეულვართ, რა არის პირადი და რა – საჯარო და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის ლიდერს აპრიორი ვპატიობთ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს კი ძალიან სერიოზული პრობლემაა.

კომენტარები