საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: წელს სახალხო დამცველის ოფისს მეტმა მოქალაქემ მიმართა

news.ge

 

სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და 2013 წელი შეაჯამა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2013 წელს სახალხო დამცველს, წინა წლებთან შედარებით, მეტმა მოქალაქემ მიმართა. მისი თქმით, დღემდე შევიდა 5 457 განცხადება, ამასთან, ნანუაშვილი პირადად შეხვდა 320 ადამიანს,  რაც ომბუდსმენის შეფასებით, აპარატის საქმიანობის გააქტიურებისა და ცნობადობის ამაღლების მაჩვენებელია. 

"აპარატის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე სიახლე განხორციელდა: დაინერგა საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა; დაიწყო კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის მიწოდება და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, რაც მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას; მოხდა არქივის სისტემატიზიცია; განახლდა ვებ-გვერდი. შეიცვალა აპარატის სტრუქტურა, გაიზარდა აპარატში მომუშავეთა რიცხვი. ქალის, ბავშვისა და შშმ პირთა უფლებათა დაცვის ცენტრი 3 ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა: ბავშვის უფლებების ცენტრი, შშმ პირთა უფლებების ცენტრი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი. ანგარიშში კარგად არის ასახული ცენტრებისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მუშაობა. გაფართოვდა პრევენციის ეროვნული მექანიზმი. კონკურსის საფუძველზე მონიტორინგში მონაწილე 40 დარგობრივი ექსპერტი შეირჩა. ამასთან, განახლდა დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგია. მიმდინარე წელს განხორციელდა 290 ვიზიტი - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 88 ვიზიტი პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში; 4 ვიზიტი სამხედრო ჰაუპტვახტში; 6 ვიზიტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებითა და განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. აგრეთვე წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება და საკონსტიტუციო სარჩელები.

ნანუაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა 111 რეკომენდაციით მიმართა სხვადასხვა უწყებებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, 138 სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე განახორციელა მონიტორინგი.

"სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი მუდმივ კოორდინირებას და მხარდაჭერას უწევს რელიგიური და ეროვნული უმცირესობების საბჭოების საქმიანობას", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

კომენტარები